სომხეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს ეწვევა

სომხეთის პრემიერ–მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი 25 ივლისს საქართველოში სამუშაო ვიზიტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც იგი საქართველოსა და რუსეთს შორის ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტსაც ეწვევა.

სომხეთის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აბრაჰამიანი საქართველოში ვიზიტის დროს თბილისში კვირას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას დაესწრება.  

ამავე ინფორმაციით, აბრაჰამიანი თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დარიალში საქართველო–რუსეთის საზღვარს ეწვევა.

დარიალის ხეობაში გამავალი გზა, რომელიც რუსეთთან სასაზღვრო–გამშვებ პუნქტამდე მიდის, ერევნისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ეტაპზე ის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა რუსეთთან სომხეთისთვის.

შარშან გზის ეს მონაკვეთი ორჯერ დაიკეტა 2014 წლის მაისსა და აგვისტოში მეწყერის ჩამოწოლის გამო. მორიგი სტიქიის რისკის გამო გასულ თვეში დარიალის ხეობაში სატრანსპორტო მოძრაობა ორჯერ შეიზღუდა.