ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტს აჯამებენ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთა რვაკაციან დელეგაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ვიზიტის დროს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს, 25 ივლისი, 2015. ფოტო: ევროპარლამენტის ვებგვერდი
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა, რომლებიც საქართველოს 25 ივლისს სტუმრობდნენ, განაცხადეს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი „2016 წელს, როგორც კი შესაბამისი კრიტერიუმები დაკმაყოფილდება“.
რვაკაციანმა დელეგაციამ, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები შედიოდნენ, აღნიშნა ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ „უვიზო მიმოსვლა მოკლევადიან პერსპექტივაში იმის ხელშესახები მაგალითია თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროკავშირს მოსახლეობისთვის“.
„დელეგაციის წევრები მიესალმნენ რეფორმების პროცესში, ასევე ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისას არსებულ პროგრესს და ძალისხმებას“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, სხვა ოფიციალურ პირებსა და ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მათ ციხეში მოინახულეს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სასჯელაღსრულების სისტემის უფროსი, ბაჩო ახალაია, რომლებიც სასჯელს იხდიან სხვადასხვა ბრალდებით, რომელთაც ისინი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. დელეგაციის წევრებმა ციხეში ასევე მოინახულეს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, სადაც ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მთელ რიგ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთაც უგულავა პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს განცხადებაში, რომ მათ „კიდევ ერთხელ გაიმეორეს საკუთარი პოზიცია, რომ მართლმსაჯულების სისტემა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან და მიესალმნენ პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ განხორციელებულ შეწყალებას“.
იმ 98 პატიმარს შორის, რომლებიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 23 ივლისს შეიწყალა, იყო ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ორი ყოფილი წარმომადგენელი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, რომლებიც 3.5–წლიან სასჯელს იხდიდნენ გაფლანგვის ბრალდებით და მათთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრმა გააკრიტიკეს.
ევროპარლამენტის წევრების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭირვალე, პროპორციული, მკაცრად უნდა იცავდეს საგამოძიებო და სხვა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული პატივისცემით განხორციელდეს“.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის „სწრაფი და სრულყოფილი რეფორმა“ და კერძოდ „მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ პროკურატურის შესახებ კანონის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინონ მისი სრული დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის უზრუნველყოფის მიზნით“.
„დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის პატივისცემის და გაძლიერების მნიშვნელობას. ამ თვალსაზრისით, ისინი საქართველოს ეროვნულ ბანკის შესახებ კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებს და მისი ფინანსური ზედამხედველობის უფლებამოსილების საკითხსაც შეეხნენ და შეახსენეს, რომ მონეტარული პოლიტიკის პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტის დროს დელეგაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ზოლიც მოინახულეს სოფელ ხურვალეთთან.
დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი საგრძნობ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ გაყოფის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა. მათ შეახსენეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საუკეთესო თავდაცვა დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დელეგაციაში, რომელსაც სახალხო პარტიის წარმომადგენელი ელმარ ბროკი ხელმძღვანელობდა, ასევე შედიოდნენ სანდრა კალნიეტე, ანდრეი პლენკოვიჩი და გაბრიელიუს ლენდსბერგისი, რომლებიც ასევე ევროპის სახალხო პარტიიდან არიან; რიჩარდ ჰოუიტი და ანდრეს მამიკინსი – სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან; მარეკ იურეკი – ევროპული კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფიდან, და პაავო ვაიურუნენი – ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსიდან.
This post is also available in: English (ინგლისური)