ღარიბაშვილი საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებების ოპონენტებს აკრიტიკებს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო ზედამხედველობის შესახებ სადავო ცვლილებების ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ხელოვნული აჟიოტაჟი“ კანონპროექტზე „უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსებმა ატეხეს „ინვესტორების დასაფრთხობად“.
„კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ხელოვნურად ე.წ ოპონენტებმა და სამწუხაროა, რომ მათ ამ აჟიოტაჟს და ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 29 ივლისს, რომელსაც მხედველობაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განზრახვა ჰქონდა, რომ ვეტო დაადოს კანონპროექტს.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან იქნა სრულად გათვალისწინებული“ იმ კანონპროექტის მომზადების პროცესში, რომელიც პარლამენტმა 17 ივლისს მიიღო.
„მე მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. პირიქით, მე ვხედავ, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს ბიზნესგარემოს საქართველოში, აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პოლონეთს, რომელსაც „ერთ–ერთი საუკეთესო საბანკო სისტემა აქვს“, ასევე განცალკევებული აქვს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური.
კანონპროექტი ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD), აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა განაცხადეს, რომ „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“.
„თუ შეკითხვები იყო იმაში, რომ პროცესი იყო გაუმჭირვალე, ეს შენიშვნა, ყველაფერი გავიზიარეთ. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთეთ პროცესში IMF-ის წარმომადგენელი, მსოფლიო ბანკი, EBRD, ყველა აბსოლუტურად, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა. ეს არის სუფთა ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, რომ დამშვიდდნენ და დაასრულონ ეს აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ ჩვენ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოხდეს რამე“, – განაცხადა მან.
მან ეს განცხადება თბილისში ჩიფსის წარმოების ახალი საწარმოს გახნის შემდეგ გააკეთა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის, რომ უცხოელმა ბიზნესმენმა 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში „არის პასუხი ყველა სკეპტიკოსზე და კრიტიკოსზე და ამ უპასუხისმგებლო ადამიანებზე, რომლებიც ასე უცერემონიოდ საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჩვენ რაღაც ბიზნეს გარემოს ვაზიანებთ“.
„ისინი აზიანებენ სწორედ და ეს [ინვესტიცია] არის ნათელი პასუხი ამ ყველა ბრალდებაზე და სპეკულაციაზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.