ირანელი დეპუტატები საქართველოს სტუმრობენ
ექვსი ირანელი დეპუტატი 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე საქართველოს სტუმრობს, რათა საქართველოს მიერ განხორციელებულ იმ რეფორმებს გაეცნოს, რომლებმაც ქვეყანაში ბიზნესის კეთების გამარტივებას შეუწყო ხელი.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ირანის პარლამენტის ეროვნული წარმოების მხარდაჭერის სპეციალური კომისიის წევრები და მათი უმეტესობა პარლამენტის დაგეგმვისა და საბიუჯეტო კომიტეტის წევრებიც არიან.
29 ივლისს დელეგაცია საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერს, გუბაზ სანიკიძეს შეხვდა, რომელიც ასევე ქართული–ირანული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეა.
„ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს გამოცდილება ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით“, – განაცხადა ირანელმა დეპუტატმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ რეზა ფოულადგარმა.
მისი თქმით, დელეგაციას ასევე დაგეგმილი აქვს იუსტიციის სახლის და საბაჟო–გამშვები პუნქტის მონახულება, „რათა უფრო ახლოდან გავიცნოთ ის რეფორმები, რაც გატარდა ამ კუთხით და გავითვალისწინებთ აუცილებლად ჩვენ ქვეყანაში ამ ცვლილებების გატარების პროცესს".
„ძალიან გვაინტერესებს საბაჟო სისტემა, როგორ მუშაობს, რა პროცედურებია, როგორ არის გამარტივებული , ასევე გვაინტერესებს კერძო სექტორში, ბიზნესს კომპანიების შექმნის პროცედურა, პასპორტების გაცემის პროცედურა, რაც იუსტიციის სახლში ხდება“, – განაცხადა ირანელმა დეპუტატმა.
დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ივლისში ვენაში მიღწეული შეთანხმება საქართველოს და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დაეხმარება.
„ვფიქრობ, რომ ეს ქართულ–ირანული ურთიერთობები განსაკუთრებით ვენის ხელმოწერის შემდეგ, ძალიან ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და ვფიქრობ, რომ საქართველო ამ საკითხიდან მოგებული დარჩება“, – განაცხადა სანიკიძემ.
დელეგაცია ასევე გეგმავს შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, და ასევე იმ ირანელ ბიზნესმენებთან, რომელთაც საქართველოში აქვთ ბიზნესები.