ომის წლისთავზე საქართველოს ლიდერები მშვიდობის და გაერთიანების შესახებ საუბრობენ

2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ოკუპაციის ხაზები“ საბოლოო ჯამში დაინგრევა და ქვეყანა გაერთიანდება „შერიგების“ გზით.

პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი შაბათს ცალ–ცალკე მივიდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს. 2008 წლის აგვისტოს ომს 166 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 220–ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ჩვენთვის ძალიან მძიმე და მოუშუშებელია იარა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა“.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეს ტერიტორიები შემოვიერთოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვიცხოვროთ მშვიდობიანად, ამას მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი აქვს – მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“, – განაცხადა მან. 

„რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ვიქნებით ძალიან მტკიცე და პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორია და ქართველი ხალხი ამას არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მისი თქმით, ომის შედეგები ძალიან მძიმეა. „ათასობით ახალი დევნილი, დამატებით დაკარგული 100-ზე მეტი სოფელი, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარება. დღეს, რა თქმა უნდა, ოკუპაცია გრძელდება. ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს:  „დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა. ამავდროულად, კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმ შეცდომებზე, რაც იყო დაშვებული და ვფიქრობთ იმაზე, რაც არის გასაკეთებელი“.

„საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო; ჩვენ ამას გავაკეთებთ, არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ ერთიანი პოლიტიკით“, – განაცხადა მან. „წლის დასაწყისში ჩვენ ქართული საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების შიგნით დავიწყეთ დისკუსიები და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რაში უნდა გავერთიანდეთ აბსოლუტურად ყველა და ზუსტად, კორდინირებულად ვაწარმოოთ ერთიანი პოლიტიკა, საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, განურჩევლად იმისა, რომელ კოალიციას და პარტიას მივეკუთვნებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„საქართველო უნდა გაერთიანდეს! გაერთიანდეს არა დაპირისპირებით, არამედ სიყვარულითა და მეგობრობით! ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე 8 აგვისტოს პრეზიდენტი მარგველაშვილი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს მდებარე სოფელ ნიქოზში ჩავიდა, სადაც დაღუპული ჯარისკაცების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

„დღეს ჩვენ ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ვიმყოფებით და გვყოფს აბსოლუტურად ხელოვნური ოკუპაციის ხაზი, რომელსაც გადავლახავთ შერიგებით“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ნიქოზში.

„ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა, რომელსაც ვერ შეეგუება ვერც ქართველი ერი და ვერც თანამედრვე მსოფლიო“, – განაცხადა მან. „ასეთი ხელოვნური ხაზები არაერთი არსებულა ისტორიაში, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა“.