საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ს სტუმრობს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი თავის ქართველ კოლეგას თინა ხიდაშელს 18 აგვისტოს პენტაგონში უმასპინძლებს.

ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს ახორციელებს შეერთებულ შტატებში, რომლის დროსაც მას თან ახლავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში პუნიტ ტალვართან გამართა მოლაპარაკებები.

საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესს. საქართველოს თავდაცვის უწყებაში ახლახან შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც კურირებს შეიარაღებული ძალების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ ხელშეწყობას,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესებს. ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობისას 2010 წლიდან 2015 წლის აპრილის ბოლომდე პერიოდში 274 ქართველი სამხედრო დაიჭრა.