პრემიერ-მინისტრი ლარის კურსის ბოლო პერიოდის ვადნას ‘ცრუ მოლოდინებს’ აბრალებს

საქართველოს ეროვნული ვალუტის უკანასკნელი გაუფასურება გამოწვეულია „ცრუ მოლოდინებით“ იმის თაობაზე, რომ ლარი შემოდგომაზე კვლავ დაკარგავს თავის ღირებულებას აშშ დოლარის მიმართ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს. 

ლარი ძირითადად ინარჩუნებდა სტაბილურობას ივლისის ბოლომდე, მერყეობდა რა 2.24-2.26-ს შორის აშშ დოლართან მიმართებაში, რაც 28%-იანი ვარდნაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როცა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. თუმცა ივლისის ბოლოდან ლარმა ვარდნა განაგრძო და 19 აგვისტოს მდგომარეობით მისი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.3214-ს შეადგენს.

ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების შესახებ კომენტარში პრემიერ-მინისტრმა განუცხადა ჟურნალისტებს: „ცრუ მოლოდინები არის შექმნილი. მე მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა“. 

„მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, უკვე მოხდა. იმ შოკებმა, პირველმა ტალღამ გაიარა უკვე საქართველოში, გადავიარეთ. ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით გამოწვეული და განპირობებული. ადამიანებს აქვთ ცრუ, არასწორი მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების, ანალიტიკოსების აზრით ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში  – ეს მათი პროგნოზი არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ამ არასწორი მოლოდინების გამო „მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, ამ ადამიანებს მოუწევთ, დღეს თუ ხვალ, დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა".

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება აჭარის რეგიონში გააკეთა, სადაც მშენებარე სასტუმრო მოინახულა, რომელიც სხვა ობიექტებთან ერთად ასევე მოიცავს სავაჭრო ცენტრს. 19 აგვისტოს მან ბათუმში 101-ნომრიანი ახალი სასტუმრო გახსნა და ასევე ეწვია ქედას, სადაც ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)