ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის ცალკეული რაიონები დააზარალა

21 აგვისტოს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სახლები დააზარალა კახეთის ცალკეულ რაიონებში.

ქალაქი ყვარელი და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფელი, მათ შორის სანავარდო ყველაზე მეტად დაზიანდა; დაისეტყვა ვენახები და ნათესები, სახლების სახურავები და მანქანები.

ლაგოდეხის რაიონის ზოგიერთ სოფელში სახლების სარდაფები დაიტბორა, ხოლო ახმეტის რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა დააზიანა, იტყობინება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელსაც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დანაყოფების ადგილზე გაგზავნა თბილისიდან მოუწია.

წინასწარი შეფასებით, სექტყვამ დაახლოებით 1500-2000 ჰექტარზე გაშენებული ვენახები დააზიანა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობა. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით დადგინდება. 

დანელიამ განაცხადა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, რომელსაც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აწარმოებს, გამოყენებული იყო და დაახლოებით 50 ჭურვი, თითოეული 300 ევროს ღირებულების, იქნა გასროლილი, თუმცა ამან სტიქიის „პრევენცია ნაწილობრივ“ მოახდინა, ვინაიდან უკვე ფორმირებული სეტყვის დაშლა „პრაქტიკულად შეუძლებელი“ იყო. მისი თქმით, წინა დღეებში ანალოგიური სეტყვის საშიშროების „სრულფასოვანი პრევენცია“ მოხდა. „დელტას“ ინფორმაციით, 70-ზე მეტი რაკეტა იქნა გასროლილი 19-20 აგვისტოს, რამაც სეტყვისგან დაიცვა საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტისა და თელავის რაიონები.