საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჩენ გუო ფინს შეხვდა, იტყობინება 21 აგვისტოს საქართველოს საგარეო უწყება.
შეხვედრაზე, სადაც ორ ქვეყანას შორის "პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში არსებული თანამშრომლობა" განიხილეს, სამინისტროს ცნობით, „მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით“.
მარტში საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ დაეწყოთ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლა. თბილისში მოქმედი პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (PMCG) და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთობლივი ანალიზის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთში ქართული ექსპორტის 9%-ით ზრდას განაპირობებს. ამავე კვლევის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინისა (28.5%-ით) და უალკოჰოლო სასმელების (36.7%-ით) ექსპორტი, ასევე მცირედით (3.3%-ით) გაიზრდება სპილენძისა და ალუმინის ჯართის ექსპორტი.
2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც ამ პერიოდში 370.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს კი ჩინეთიდან საქართველოში 217.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
საგარეო უწყების დელეგაციის ჩინეთში გამართული შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილეს „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეს ვიზიტი წინ უძღვის ჩინეთში პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილ სტუმრობას, რომელიც 8-13 სექტემბერს შედგება.