აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრები თბილისში იკრიბებიან

ჩინეთის მიერ ინიცირებული აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი წევრები 24-25 აგვისტოს თბილისში იკრიბებიან, რათა ბანკის დაარსებისა და საქმიანობის საკითხები განიხილონ.

ასევე მოსალოდნელია, რომ 57 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი რიგით მეექვსე ასეთი შეხვედრის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს აირჩევს.

საქართველო AIIB-ის თაობაზე ხელშეკრულებას პეკინში ივნისის ბოლოს შეუერთდა 49 სხვა ქვეყანასთან ერთად; მალაიზიამ ამ ხელშეკრულებას 21 აგვისტოს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება დარჩენილი ექვსი დამფუძნებელი წევრისთვის წლის ბოლომდე ღია რჩება ხელმოსაწერად.

ჩინეთი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უმსხვილესი მეწილეა და აქციების 30%-ს ფლობს, შემდეგ მოდიან ინდოეთი და რუსეთი. საქართველოს ამ ბანკში 0.05%-იანი წილი ექნება. ბანკის საწყისი საწესდებო კაპიტალი 100 მლრდ აშშ დოლარი იქნება; მისი შტაბ-ბინა პეკინში განთავსდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელთა კრების ფარგლებში თბილისში ორმხრივი შეხვედრებიც იმართება.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 23 აგვისტოს მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ში იაობინთან, რომელიც ბანკის დამფუძნებელთა კრების მუდმივი ხელმძღვანელია. მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ გაგრძელდება „აქტიური კომუნიკაცია“ ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა ჯინ ლიქუნს, რომელიც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელობს და ჩინეთის მიერ ამ ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი. 

ში იაობინს და ჯინ ლიქუნს ასევე მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.