მოსკოვის უარყოფითი რეაქცია ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს „პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება“ უწოდა 27 აგვისტოს კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას და გააფრთხილა, რომ ალიანსის ეს ნაბიჯი „სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდება რეგიონში უსაფრთხოებისთვის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გეგმიურ საინფორმაციო ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ, ვინც საქართველოს აქტიურად ექაჩება ნატოში, თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ „2008 წლის სამწუხარო გამოცდილების მხედველობაში მიღებით“.

„ამ ბრიფინგის დაწყებამდე შემოვიდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ყურადღების მიღმა ვერ დარჩება იმის თაობაზე, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, ბატონი სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის დროს“, – განაცხადა ზახაროვამ 27 აგვისტოს ბრიფინგზე თავისი შესავალი სიტყვის დასკვნით ნაწილში.

„ამ ნაბიჯს ვაფასებთ, როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ. გარდა ამისა, ხშირად ეს ხდება ბლოკის პარტნიორი ქვეყნების რესურსების ხარჯზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ამასთან, ნატოს ასეთი სამხედრო ობიექტის საქართველოში განთავსება სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდება რეგიონში უსაფრთხოებისთვის“, – გააფრთხილა მან. 

„ეს დასკვნა ეფუძნება არსებულ ტრაგიკულ გამოცდილებას. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ 2008 წლის აპრილში ალიანსის ბუქარესტის სამიტზე  საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის გამოცხადებამ, თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას გაუჩინა თავაშვებულობის ილუზია და უბიძგა დანაშაულებრივი მცდელობისკენ, რომ სამხედრო ძალით დაეპყრო სამხრეთ ოსეთი“, – განაგრძო მან, „დღეს საქართველო არ შეგუებია ამ ავანტიურის შეუქცევად შედეგებს, პრეტენზიებს აცხადებს მეზობელი დამოუკიდებელი რესპუბლიკების ტერიტორიებზე, ჯიუტად თავს არიდებს მათზე თავდაუსხმელობის დოკუმენტების ხელმოწერას“.

„მათ, ვინც ამ სიტუაციაში განაგრძობს თბილისის ნატოში შეთრევას, უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობის მასშტაბები“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ის კვლავაც შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს თავისი მოკავშირეების – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის – უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველყოფის თაობაზე“, – აღნიშნა მან.

„ამასთან ერთად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების ნებისმიერი ახალი მომენტები სათანადოდ იქნება მხედველობაში მიღებული“, – განაცხადა ზახაროვამ.

ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, თბილისში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს ლიდერებმა კრწანისში უკვე არსებული სასწავლო ცენტრის ბაზაზე 27 აგვისტოს გახსნეს.

გახსნის ცერემონიაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს ცენტრი „არავის წინააღმდეგ  არ არის მიმართული“.

„პირიქით, ეს გააუმჯობესებს რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობას“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს ნატოს გენმდივნის ვიზიტის ფარგლებში თავის გამოსვლებში არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს ცენტრი „თავისი შინაარსით და ფორმით" არცერთი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება  მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცენტრი არანაირად არ შეიძლება იქნა აღქმული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული“, – აღნიშნა მან.

„მე ასევე  მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან და რუსეთთან ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული დიალოგი და ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ ეს პრაგმატული, კონსტრუქციული მიდგომა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)