აზიის განვითარების ბანკმა ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 20 მლნ აშშ დოლარის სესხი გამოყო
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 20 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა, რაც ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.
სესხი, რომელიც 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში უკვე მეოთხე ტრანშია, სრულად დაიხარჯება ბათუმის სანაპირო ზოლის იმ 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებაზე, რომელსაც ეროზია ემუქრება.
ამ პროექტისთვის მომზადებული გარემოს შეფასების დოკუმენტის თანახმად, ბათუმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ეროზიის შედეგად დაახლოებით 5 კილომეტრზე არის დაზიანებული და ამ მონაკვეთის გასწვრივ წარსულში რამდენიმე სახლი და ასევე დამუშავებული მიწა დაიკარგა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დამცავი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ეროზიული პროცესები ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდება და ბათუმში ზღვის სანაპიროებს დააზიანებს, რაც თავის მხრივ ტურიზმის განვითარების საინვესტიციო კლიმატზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
„აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან აღნიშნული დაფინანსება ავსებს ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროექტებს,“ – განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეითი ჯულიანმა.