ტელეკომპანია „იმედი“ პოლიტიკურ თოქ-შოუებს ‘დროებით აჩერებს’

ტელეკომპანია „იმედმა“, მეორე ყველაზე რეიტინგულმა არხმა საქართველოში, გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ თოქ-შოუებს დროებით აჩერებს.

შედეგად ორი ყოველკვირეული გადაცემა – "რეაქცია", რომელიც პარასკეობით გადიოდა ეთერში და "იმედის კვირა" –  ზაფხულის შესვენების შემდეგ შემოდგომაზე აღარ განახლდება.

ტელეკომპანიამ, რომლის მესაკუთრეც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია,  29 აგვისტოს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა: „საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან“.

ინგა გრიგოლიამ, რომელიც  „რეაქციის“ წამყვანი, ხოლო „იმედი კვირის“ თანაწამყვანი იყო, კვირას თავის  Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „გაოგნებულია“ ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომელიც მისი აზრით, ხელისუფლების მიერ იყო ნაკარნახევი.

„მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი რატომ – არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ… მე ვფიქრობ, რომ ,,იმედმა,, შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით. ერთ დღეს დახურა ორი თოქ-შოუ, რომელიც მე მიმყავდა“, – განაცხადა გრიგოლიამ, დიდი ხნის ჟურნალისტმა, რომელიც 2010 წელს პოლიტიკაში წავიდა და ქრისტიან-დემოკრატებიდან საკრებულოს წევრი იყო, მაგრამ 2013 წელს ისევ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 30 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „იმედზე“ ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის დახურვა  „უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში“.

„ტელეკომპანია “იმედის”, როგორც კერძო არხის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, ცვლილებების განხორციელების სრული უფლება აქვს, თუმცა მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა და ლეგიტიმური მოლოდინი, ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ. “იმედის” ოფიციალური განცხადება კი ამგვარ ინფორმაციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. მიგვაჩნია, რომ მაუწყებელმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს საზოგადოების მიმართ და ყველაფერი გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“, – ნათქვამია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლების სახით 2015 წლის პირველ ნახევარში 10.2 მლნ ლარი მიიღო, რაც დაახლოებით ორჯერ ჩამორჩება მისი მთავარი კონკურენტისა და ყველაზე ყურებადი არხის, „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავლებს, რომელმაც ამავე პერიოდში 21.5 მლნ ლარი შეადგინა.