ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა
ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ ორშაბათს თავისი მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა საგარეჯოსა და მარტვილში ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის.
სოსო დანელია, რომელიც იტალიაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, მარტვილში იყრის კენჭს, ხოლო თამარ ხიდაშელი საგარეჯოში იბრძოლებს მაჟორიტარი მანდატის მოსაპოვებლად.
ხიდაშელი 2008-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა და ასევე ექსპერტის რანგში, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისთან, საქართველოში ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობდა.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში ხიდაშელის კონკურენტებს შორის იქნება.
„პატრიოტთა ალიანსმა“ უარი თქვა შეერთებოდა ბოიკოტს, რომელიც 11-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და ასევე პარლამენტში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გამოუცხადეს ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს, რომლის თარიღსაც ცესკო ოფიციალურად დღეს დანიშნავს.
ინაშვილი, რომლის „პატრიოტთა ალიანსმა“ გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 6.3% დააგროვა საგარეჯოს ოლქში, უკვე აქტიურ კამპანიას ატარებს კახეთის ამ რაიონში.
პარტიული კანდიდატების გარდა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც.
თამარ ხიდაშელი ქართული ოცნების კოალიციაში შემავალ რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირდება. მაჟორიტარის ადგილი საგარეჯოში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი მაისში დეპუტატის მანდატს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო გამოეთხოვა.
„კოალიციასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან მე მაერთიანებს ღირებულებები – სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად წარადგინა.
მარტვილში შუალედური არჩევნები იმის გამო ტარდება, რომ ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია მარტში გარდაიცვალა.
„დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ქართული ოცნება წარდგება როგორც საჭიროა ისე, დადებს მაღალ პროცენტსაც ამ არჩევნებში“, – განაცხადა მაჟორიტარმა კანდიდატმა სოსო დანელიამ, რომელიც წარმოშობით მარტვილიდანაა.