პრეზიდენტის ვეტო საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტზე დაძლეულია
პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუთაისში, 2 სექტემბერი, 2015 წელი.
საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში, 3 სექტემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ვეტოს გადალახვას მხარი ქართული ოცნების 81-მა დეპუტატმა დაუჭირა 12-ის წინააღმდეგ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან ვეტოს დაძლევას მხარი არ დაუჭირეს.
ამ საკითხის განხილვა პარლამენტმა 2 სექტემბრის სხდომაზე დაიწყო, რომლის დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა და საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტ მარგველაშვილს „ენჯეოშნიკი, სოროსელი“ უწოდა, რომელიც ვეტოს უფლების გამოყენებით „ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“.
თუმცა საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე სამუშაო დროის ამოწურვის გამო ვერც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დასრულება მოესწრო და შესაბამისად, ვერც კენჭისყრის ჩატარება ვერ მოხერხდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი დროს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, კერძოდ კი დიდი რაოდენობით კითხვების დასმის გზით, განზრახ აჭიანურებდნენ, რადგან სურდათ, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელი შეეშალათ. თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ოპონენტების ამ „პროცედურულ ომს“ აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ვეტოს დასაძლევად პარლამენტი მეორე დღეს მაინც შეიკრიბებოდა. 3 სექტემბერს, როცა პარლამენტმა ვეტო დაძლია, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს პროცედურული წინააღმდეგობა ამ საკითხის შესაფერხებლად აღარ გაუწევიათ.
სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფისა და თავად ეროვნული ბანკის კრიტიკის ობიექტი გახდა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ივლისის ბოლოს დაადო ვეტო და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი იყო „როგორც პროცესის ნაჩქარეობა“, ასევე მიღებული კანონპროექტის „შინაარსი“.
გააკრიტიკა რა ინიციატორების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ცვლილებები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის შენიშვნების შესახებ პლენარულ სხდომაზე თავის ვრცელ გამოსვლაში დეტალურად მიმოიხილა საერთაშორისო ტენდენცია, რომელიც 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის სტრუქტურებში ინტეგრირებისკენაა მიმართული.
იმ არგუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც მან სამშაბათს თავის გამოსვლაში მოიყვანა, თანხვედრაში იყო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოზიციებთან, რომლებიც წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ წერილში, რომელშიც მათ ივნისში განაცხადეს, რომ „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“.
კანონპროექტი ითვალისწინებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელიც საბანკო სექტორის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებს; ამჟამად ამ ფუნქციებს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში არსებული დეპარტამენტები ახორციელებენ.
კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მმართველი რგოლებია სააგენტოს საბჭო და სააგენტოს უფროსი. 7-წევრიან საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და მთავრობის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, რომელთაც პარლამენტი შვიდი წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. რაც შეეხება სააგენტოს უფროსს, კანონპროექტის თანახმად, მას სააგენტოს საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე 7 წლის ვადით პარლამენტი დაამტკიცებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ 50 ხმით.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა 2 სექტემბერს გამართული დებატების დროს განმარტა, რომ თუ პრეზიდენტის შემოთავაზებული შენიშვნებით საბანკო ზედამხედველობაზე „წვდომა“ და „სრული კონტროლი“ კვლავ წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ხელში რჩება, ახალი მოდელით ამ საქმიანობაში ჩართულები იქნებიან როგორც ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირები, ისე ამჟამინდელი მთავრობისა და პარლამენტის მიერ მოწონებული კადრები.
მისი თქმით, ეს ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ „არათუ მართვაში ჩარევა, ინფორმირებულობა მაინც ჰქონდეთ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებსაც შეეძლებათ გამოიტანონ ობიექტური სურათი, ობიექტური შეფასება მისცენ ეროვნული ბანკის საქმიანობას და თუნდაც ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს“.
კანონპროექტის კრიტიკის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, ოპონენტების თქმით, ის არის, რომ ინიციატივა პოლიტიკური მიზეზებით უფროა მოტივირებული, ვიდრე ეკონომიკურით. კანონპროექტის ინიცირება მაისის ბოლოს განხორციელდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგის ქადაგიძის წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ხშირი თავდასხმების ფონზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლის შვიდწლიანი ვადაც ამ თანამდებობაზე 2016 წლის თებერვალში იწურება, ხშირად გამხდარა ქართული ოცნების წარმომადგენლების თავდასხმების სამიზნე ლარის გაუფასურების გამო, რასაც ნოემბრიდან აქვს ადგილი აშშ დოლარის გამყარების, ასევე ექსპორტისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე.
ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული სისტემა საბანკო სექტორისა და მისი ზედამხედველობის „გამჭირვალობას“ შეუწყობს ხელს და ასევე გაზრდის მის „სანდოობას“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივის სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტი, რომ სისტემა უფრო „გამჭირვალე“ გახდება, გაუგებარია, რადგან მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ მიიჩნევენ მოქმედ სისტემას გაუმჭვირვალედ. მან ასევე გაიმეორა, რომ ცვლილებების უკან დგას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ თავის კონტროლს დაუქვემდებაროს საბანკო სისტემა.
ამ ცვლილებებს საჯაროდ დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართუ ბანკის მფლობელია და რომელმაც ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ ინიციატივა საბანკო სექტორის დამოუკიდებლობის ზრდას დაეხმარება.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომ ეროვნული ბანკის „უზურპაცია“ სურს ბიძინა ივანიშვილს, დეპუტატმა მეჭიაურმა განაცხადა, რომ ივანიშვილი „პირიქით“ კრიტიკას იმსახურებს მისგან იმის გამო, რომ „როცა ამის საშუალება ჰქონდა“, მაშინ „ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აპატია“.
„და კიდევ რაში ვადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს – მან ერთი ენჯეოშნიკი, სოროსელი, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც დღესდღეობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – განაცხადა მან მხედველობაში ჰყავდა რა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა, რომ „პიროვნული შეურაცხმყოფელი“ განცხადებები „უადგილო“ იყო და განაცხადა: „ვეტო ეს არის თანამშრომლობის საშუალება და არა დაპირისპირების და ნიშნის მოგების საშუალება“.
ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება; თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი ისევ უარს იტყვის ცვლილებების ძალაში შეყვანაზე, მაშინ კანონს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოაწერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)