აშშ-ის დაფინანსებით სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებებისთვის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა ბათუმში
საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ახალი ნავმისადგომი. აშშ-ის საელჩოს ფოტო
3 სექტემბერს ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა, რომლის მშენებლობაზეც შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 14 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.
ნავმისადგომში ერთდროულად 15 მცურავი საშუალების გაჩერებაა შესაძლებელი.
„ნავმისადგომი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სანაპირო დაცვის რეაგირების უნარს და სანაპირო წყლებში საზღვაო საფრთხეების დროულად აღკვეთას შეუწყობს ხელს. ნავმისადგომი საქართველოს სანაპირო დაცვას შესაძლებლობას მისცემს, სათანადო ტექნიკური მომსახურება გაუწიოს თავის კატარღებსა და ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ახალი ნავმისადგომი საიმედო პორტი გახდება მეზობელი პარტნიორი ქვეყნების გემებისთვისაც, რათა ისინი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში სტუმრობისას ამ ნავმისადგომში გაჩერდნენ“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში.
ოფიციალური გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ ჰორნერი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მათ ასევე გაისეირნეს ზღვაში საქართველოსათვის ნაჩუქარი P-103 კატარღით, რომელიც ამერიკული და ქართული მხარეების ერთობლივი ძალისხმევით განახლდა.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შეერთებულს შტატებს, როგორც „მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ სახელმწიფოს“, მადლობა გადაუხადა ახალი ნავმისადგომის მშენებლობის გამო და განაცხადა, რომ მთავრობა სანაპირო დაცვის განვითარებას შემდგომშიც გააგრძელებს.
„ჩვენ ამერიკა გვეხმარება იმისთვის, რომ მომზადდეს კადრები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოხდეს ტექნიკური აღჭურვა, ასევე კომუნიკაციების სრულყოფა და არსებული სანაოსნო საშუალებების მოდერნიზება“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში.
აშშ-ის დაფინანსებით 2014 წელს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი გაიხსნა სუფსაში, ხოლო 2013 წელს – სანაპირო დაცვის გემების სარემონტო სახელოსნო ფოთში.
„ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა ხაზს უსვამს უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აშშ და საქართველო მცურავი საშუალებების მოდერნიზაციითა და პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ერთობლივად იცავენ საზღვაო უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)