ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც ძვირდება

რეგიონებში გაძვირების შემდეგ, ელექტროენერგიის ტარიფები ამ თვიდან დედაქალაქის მომხმარებლებისთვისაც მოიმატებს.

თბილისელებს კვ/სთ-ზე 3.5-4.5 თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ თვეში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანია „თელასის“ განაცხადის საფუძველზე ტარიფის ზრდის შესახებ გადაწყვეტილება 3 სექტემბერს მიიღო.

„თელასი“, რომელიც დაახლოებით 524 500 მომხმარებელს ემსახურება, ტარიფის გაზრდას იმ მიზეზით ითხოვდა, რომ მას ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯები ლარის გაუფასურების გამო გაუძვირდა.

„თელასის“ აქციების 75.1%-ის მფლობელი არის რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტე რაო“, ხოლო აქციების დანარჩენი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია.

თბილისში ბოლოს ელექტრონერგიის ტარიფი 2013 წლის იანვარში გადაიხედა შემცირების მიმართულებით, რაც კოალიცია ქართული ოცნების ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მარეგულირებელი კომისიის მიერ 3 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „თელასის“ აბონენტებისთვის პირველი კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101 კვ/სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 9.48 თეთრიდან 12.98 თეთრამდე გაიზრდება. ამ ზრდის შედეგად, ტარიფი 2013 წლამდე არსებულ ნიშნულზე ნაკლები იქნება, რაც მაშინ 13.48 თეთრს შეადგენდა.

მეორე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101–დან 301 კვ/სთ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ,  არსებული 12.46 თეთრიდან 16.992 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ–ზე. გაზრდილი მაჩვენებელი 2013 წლამდე არსებულ ტარიფს ოდნავ აღემატება – მაშინ ტარიფი 16 თეთრს შეადგენდა.

მესამე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 301 კილოვატზე მეტს მოიხმარენ, არსებული 17.5 თეთრიდან 21.476 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ–ზე. 2013 წელს ტარიფის შემცირება ამ კატეგორიის აბონენტებს არ შეხებიათ.

ელექტროენერგიის ტარიფი 1 აგვისტოდან 3.95 თეთრით გაუძვირდა რეგიონებში „ენერგო პრო ჯორჯიას“ ყველა კატეგორიის მომხმარებელს. ეს კომპანია  თბილისისა და კახეთის გარდა, რეგიონებში მცხოვრებ მილიონზე მეტ აბონენტს ამარაგებს ელექტროენერგიით.

რეგიონებში ტარიფის გაძვირების შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ ის ყოველწლიურად 20 მილიონ ლარს გამოყოფს, რათა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება განახორციელოს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ასეთივე სქემის შემოღება არის მოსალოდნელი თბილისშიც.