ბოიკოტის მიუხედევად, ნაციონალური მოძრაობა შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცესკომ 31 ოქტომბერს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტად დაარეგისტრირა, თუმცა ეს საპარლამენტო ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ის გამოცხადებული ბოიკოტის ერთგული რჩება და რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო პრივილეგიების, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის გამოყენების მიზნით გაიარა.
„ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატებს, ჩვენ არ გვეყოლება წევრები საარჩევნო კომისიებში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის გავლით პარტიას სურს გამოიყენოს სატელევიზიო ეთერი, რათა „საზოგადოებას კარგად ავუხსნათ ჩვენი ბოიკოტის მიზეზები“.
ნაციონალურმა მოძრაობამ 21 აგვისტოს, როცა 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისა და პარლამენტში წარმოდგენილი „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი მაჟორიტარული არჩევნებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს შეუერთდა, განაცხადა, რომ ეს არჩენები არის „მოსახლეობის შეყვანა შეცდომაში და ბიუჯეტის ფუჭი ხარჯვა“, რადგან ორი დეპუტატის არჩევა ქვეყანას „კრიზისიდან“ ვერ გამოიყვანს და ამისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა საჭირო.
ამ დროისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის მმართველი კოალიცია ქართული ოცნება და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არიან ოფიციალურად დარეგისტრირებულნი.
ქართულმა ოცნებამ მარტვილის ოლქში თავის კანდიდატად სოსო დანელია წარადგინა, ხოლო საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში თამარ ხიდაშელის კანდიდატურა დაასახელა.
უკვე ცნობილია, რომ ხიდაშელს საგარეჯოში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდება.
გარდა პარტიული კანდიდატებისა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ასევე აქვთ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც.
მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს იწურება.
მარტვილში 31 ოქტომბერს შუალედური არჩევნები იმის გამო ტარდება, რომ ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა მარტში; ხოლო საგარეჯოში მაჟორიტარის ვაკანსია ყოფილი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ განაპირობა მაისში.