თბილისში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
ისრაელის კომპანია Elbit Systems–ისა და საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის პარტნიორობით თბილისში საავიაციო ნაწილების ქარხანა შენდება, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტურ დეტალებს აწარმოებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ერთობლივი საწარმოს მშენებლობას საფუძველი 7 სექტემბერს ჩაეყარა და ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Elbit Systems–ის პრეზიდენტმა ბეჟალელ მაჩლისმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საწარმოს მართვას საქართველოს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems–ის შვილობილი Elbit Systems – Cyclone-ის ერთობლივი საწარმო Aero-Structure Technologies (Cyclone) განახორციელებს.
სს Aero-Structure Technologies (Cyclone)–ის სააქციო კაპიტალი 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სადაც Elbit Systems – Cyclone-ის წილი 33.3%–ია, ხოლო დარჩენილი აქციები საპარტნიორო ფონდს და მის საკუთრებაში არსებულ შპს „პროექტს“ შორის იყოფა. ამდენად, საპარტნიორო ფონდი მთავარი აქციონერია.
Elbit Systems–ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბეჟალელ მაჩლისმა განაცხადა, რომ თბილისში დაგეგმილი საწარმო Elbit Systems–ის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საავიაციო ნაწილების წარმოების გაფართოვებას ისახავს მიზნად. მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში სხვა შესაძლო საინვესტიციო პროექტებსაც განიხილავს.
მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საწარმოში ისრაელელი სპეციალისტების მიერ მომზადებული 300 ადამიანი დასაქმდება მას შემდეგ, რაც 2017 წელს საწარმოს მშენებლობა დასრულდება.
2000–იანი წლების დასაწყისში Elbit Systems–ი „თბილავიანშენთან“ სუ–25 ტიპის თვითმფრინავების განახლებაზე მუშაობდა. 2007 წელს საქართველომ Elbit Systems–სგან Hermes 450 ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეიძინა, თუმცა გარიგება ჩაიშალა და საქართველოს კომპანიისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა მოუწია.
„ის, რომ ეს კომპანია ბრუნდება საქართველოში, ეს ჩემთვის პირადად ბევრს ნიშნავს და ჩემი მთავრობისთვის. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი და ჩვენი ქვეყნისადმი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ცერემონიაზე საუბრისას.
„მე ვიცი, რომ სააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია“, – დასძინა პრემიერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)