წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2013-2015 წლების კვარტალური მაჩვენებლები აშშ დოლარებში. *2015 – წინასწარი მონაცემები. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ ოთხშაბათს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორებში შემომავალი ნაკადებითაა განპირობებული.  

2015 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 43%–ით, 175 მილიონ აშშ დოლარამდე  შემცირების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 355 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 81.1%–ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 2015 წლის იანვარ–ივნისში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 353 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის მშენებლობა  – 49 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 37 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 35 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 35 მლნ აშშ დოლარი; ენერგო სექტორი  – 20 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 19 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 10 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 9 მლნ აშშ დოლარი. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ნახევარში „დანარჩენ სექტორებში“ პირდაპირი  უცხოური ინვესტიციების უარყოფითმა მაჩვენებელმა 39 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2015 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 219 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ნიდერლანდებში დარეგისტრირებული  კომპანიები – 90 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 68 მლნ აშშ დოლარით;  გაერთიანებული სამეფო – 44 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი – 32 მლნ აშშ დოლარით; საფრანგეთი – 11 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 8 მლნ აშშ დოლარით; ყაზახეთი – 4 მლნ აშშ დოლარით.

2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 86.6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 1.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)