თბილისის ზოოპარკი წყალდიდობიდან სამი თვის თავზე გაიხსნა
თბილისის ზოოპარკის იმ ნაწილმა, რომელიც ივნისში მომხდარ წყალდიდობას გადაურჩა, კვირას ფუნქციონირება სამთვიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
თბილისის ცენტრში 13–14 ივნისის ღამეს მომხდარ წყალდიდობას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ზოოპარკის სამი თანამშრომელი, ხოლო სამი კვლავ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ ზოოპარკის ის ნაწილები გაანადგურა, სადაც მტაცებელი ცხოველების ვოლიერები იყო განთავსებული, ხოლო ზედა ნაწილში მდებარე ტერიტორიას სტიქია თითქმის არ შეხებია.
სხვადასხვა სახეობის 1000–ზე მეტი ცხოველიდან ზოოპარკმა 277 ცხოველი დაკარგა. ზოგიერთი მათგანი სამართალდამცავებმა მოკლეს; მათ შორის იყო გაქცეული თეთრი ვეფხვი, რომელმაც 17 ივნისს თბილისის ზოოპარკის მახლობლად მამაკაცი იმსხვერპლა.
თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 150 ცხოველს ზოოპარკი მომავალი წლის გაზაფხულისთვის ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის დახმარებით მიიღებს.
ახლის აშენებამდე თბილისის ზოოპარკი თავის ძველ ადგილსამყოფელზე დარჩება.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი მიწა გამოიყო, რომლის მშენებლობაც, სავარაუდოდ, სამ წელიწადში დასრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩის გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი გზატკეცილი, რომელიც წყალდიდობამ გაანადგურა, 14 სექტემბრის დილიდან გაიხსნა.