ღარიბაშვილი ყურძნის ფასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას ნაციონალური მოძრაობის ‘პროვოკაციას’ უწოდებს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მევენახეების მიერ ყურძნის დაბალი ფასების გამო მოწყობილი საპროტესტო აქცია გააკრიტიკა და მას „დესტრუქციული“ ნაციონალური მოძრაობის „პროვოკაცია“ უწოდა.

ქართველი მევენახეების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გურჯაანში 14 სექტემბერს განაახლა მთავრობისგან ყურძნის ფასის სუბსიდირების გაზრდის მოთხოვნით.  აქციის მსვლელობისაც პოლიციამ ერთი პირი იმის გამო დააკავა, რომ მან გურჯაანის მაჟორიტარს ნაციონალური მოძრაობიდან, დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით მომიტინგეებმა დედაქალაქთან დამაკავშირებელი მაგისტრალი ცოტა ხნით გადაკეტეს, რა დროსაც პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.

„მე მინდა მივმართო პოლიტიკოსებს…, რომ მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

„მე ვიცი, რომ ერთ–ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი… იმის გამო, რომ დაუმტკიცოს ოდესის გუბერნატორს ერთგულება, ჩადის იქ და აქტიურობს“, – განაცხადა მან გიორგი ღვინიაშვილზე, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია და რომელიც 14 სექტემბერს მომიტინგეებთან ერთად იმყოფებოდა გურჯაანში.    

„მე მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს [შინაგან საქმეთა მინისტრს], გთხოვთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას [ყურძნის] ჩაბარებაში რაიმე პრობლემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ეს პროვოკატორი უნდა მოვაშოროთ. ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში“, – მიმართა პრემიერ–მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

„ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ დღეს ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა, ჩადის და 20–30 კაცის მეშვეობით და ინტრიგანული მეთოდებით და პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და მოსახლეობის დაძაბვას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას გლეხები „შეცდომაში შეყავს“ და „გარკვეული ჯგუფებით მათზე გავლენას“ ახდენს.  „ამიტომ, საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, რომ არავის არ გაუჩნდეს რაიმე განცდა, რომ სახელმწიფომ ან მცდელობა დააკლო, ან სუბსიდირების თანხა შევამცირეთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებას ყურძნის ფასის დაახლოებით 40–55%–ით კლება მოყვა შარშანდელთან შედარებით, როცა 1 კილოგრამი ყურძნის ფასი ხარისხიდან და ჯიშიდან გამომდინარე 1 ლარიდან 1.9 ლარამდე მერყეობდა.

შარშანდელის მსგავსად  მთავრობა კვლავ ახორციელებს ყურძნის ფასების სუბსიდირებას და 35 თეთრს უმატებს კილოგრამ თეთრ ყურძენზე ღვინის კომპანიების და ქარხნების მიერ გადასახდელ თანხას. კახეთში 1 კგ შავი ყურძნის სუბსიდირება 15 თეთრს შეადგენს.

„ასეთი პროვოკაციული ქმედებებით, ასეთი უსარგებლო ხმაურით და აჟიოტაჟით, ეს ადამიანები – მე ვგულისხმობ ე.წ. ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას – აპირისპირებენ კახეთს და კახელ გლეხს დანარჩენ მოსახლეობას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ პრობლემები დაფიქსირდა ვაშლის, ციტრუსის და თხილის მოსავალთან დაკავშირებით ქვეყნის სხვა რაიონებში.

„გასაგებია, ჩვენ ვთქვით, რომ მევენახეობა არის სტრატეგიული მიმართულება და სწორედ ამდენი ხელშეწყობის შედეგად 4 000 ჰექტარზე მეტია გაშენებული ახალი ვენახი“, – განაცხადა მან.

„მე მინდა მივმართო ჩვენ ძვირფას მევენახეებს და ფერმერებს, რომ ნუ შეხვალთ შეცდომაში, არ მისცეთ საშუალება არავის, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ“, – განაცხადა მან, „ამ პროვოკატორებს ნუ მოუსმენთ და მოაცილეთ ეს პროვოკატორები ამ რეგიონიდან“. 

მომიტინგეები გურჯაანში სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ.

„რა თქმა უნდა, თქვენ პროვოკატორებს არ უნდა შეხვდეთ. მე ვიცი, რომ მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა თქვენთან შეხვედრას, მაგრამ მე გირჩევდით, რომ არ შეხვდეთ თქვენ პროვოკატორებს და არ მისცეთ ვიღაც დესტრუქციულ ძალებს საშუალება, რომ გამოიყენონ ეს შეხვედრა სიტუაციის უფრო დასაძაბად“, – მიმართა ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს. „შეხვდით მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილს, ჯანსაღ, ნამდვილ ადამიანებს, ნამდვილ ფერმერებს და არა უბრალოდ გადაცმულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომელთაც ვენახი საერთოდ არც უნახავთ თვალით. არც ვენახი აქვთ, არც ყურძენი აქვთ და საერთოდ არ ანაღვლებთ ქართველი გლეხის მდგომარეობა“.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის „გაოგნებულია“ პრემიერის „არაედაკვატურობის ხარისხით“; მისი თქმით, ღარიბაშვილის კომენტარი, რომ „მოაცილონ პროვოკატორები რეგიონიდან“ იყო დავალება სამართალდამცავებისთვის, რომ „დააკავონ“ ღვინიაშვილი.

„პრემიერი, ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს გლეხების პრობლემის მოგვარებაზე და იზრუნოს გაჭირვებული ხალხის დახმარებაზე, პოლიციას ავალებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი ასრულებს საკუთარ მოვალეობას და საკუთარი ხალხის გვერდით დგას“, – განაცხადა ბაქრაძემ, „გიორგი ღვინიაშვილი, განსხვავებით დღევანდელი მთავრობისგან, დღეს საკუთარ მოვალეობას ასრულებს და ცდილობს საკუთარი რაიონის ხალხს დაეხმაროს“.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,  ჩვენი სურვილი არაა რთველის პოლიტიზება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით. ღვინიაშვილიც და თითოეული ჩვენგანიც ვიდგებით ხალხის გვერდით ყოველთვის და ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – დასძინა მან. 

14 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ გარდა ყურძნის ფასის სუბსიდირებისა, სახელმწიფო კომპანიები შეისყიდიან იმ ზედმეტ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები და ღვინის ქარხნები არ იყიდიან. ამ მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მილიონ ლარამდე გამოიყოფა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.  

2015 წლის პირველ რვა თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 45.7%–ით შემცირდა და 19.8 მილიონი 0.75-ლიტრიანი ბოთლი შეადგინა; 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 36.5 მილიონს შეადგენდა.

ეს კლება რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის მკვეთრი ვარდნითაა გამოწვეული, რაც 2015 წლის იანვარ–აგვისტოში 58%–ით და 63%–ით შემცირდა, შესაბამისად.

2015 წლის პირველ რვა თვეში ქართული ღვინის ექსპორტი მის სხვა ძირითად ბაზრებზე გაიზარდა.

მიუხედავად მკვეთრი კლებისა, რუსეთი ქართული ღვინისთვის კვლავ უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად რჩება, სადაც 2015 წლის იანვარ–აგვისტოში 10.1 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა; შემდეგ მოდის ყაზახეთი – 2.9 მილიონი ბოთლი; უკრაინა – 1.73 მილიონი ბოთლი; ჩინეთი – 1.18 მილიონი ბოთლი და პოლონეთი – 1 მილიონ ბოთლზე ოდნავ მეტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)