ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ილირ მეტამ, რომელიც თბილისს სტუმრობს, 14–15 სექტემბერს საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.
15 სექტემბერს იგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, ხოლო 14 სექტემბერს თავის ქართველ კოლეგასთან, დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართა მოლაპარაკებები.
უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ მეტამ განაცხადა, რომ საქართველო და ალბანეთი „საერთო მომავალს იზიარებენ“ და დასძინა, რომ მისი ქვეყანა „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ალბანეთი „მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას“, განაცხადა მეტამ.
„ალბანეთი არის ნატოს სრულუფლებიანი წევრი და ამიტომ ჩვენ სტუმარს ვთხოვეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პირადად მან, ალბანეთის მთავრობამ, იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს რეგიონში და ხელი შეუწყოს საქართველოს კიდევ უფრო სწრაფ დაახლოებას ნატოსთან“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 14 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.
ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დაახლოებით 30 ქვეყნის 70 დელეგატთან ერთად საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.