პარლამენტში გაგრძელდება მსჯელობა არანებაყოფლობითი ნარკოტესტირების დროს სასამართლოს ჩართვის წესთან დაკავშირებით
პარლამენტი განიხილავს დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივას, რომელიც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე პირთა იძულებით გაგზავნის შესამცირებლად, პროცესში სასამართლოს ჩართვას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი ნორმა პოლიციელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ ნარკოტესტირებაზე მისი ნების წინააღმდეგ წარადგინოს ის პირი, რომლის მიმართაც აქვს „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. ამგვარი მოხმარების დადგენის შემთხვევაში, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 500 ლარით ან შეეფარდოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
შემოთავაზებული კანონპროექტი ამ წესის შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, თუ პოლიციის მიერ საეჭვოდ მიჩნეული პირი უარს იტყვის ნებაყოფლობით ტესტირებაზე, მაშინ მისი ამ პროცედურაზე გაგზავნისთვის იძულება მოხდება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე; თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციამ პირი დაუსაბუთებლად დააკავა, გაათავისუფლებს მას ან პირიქით, თანხმობას გასცემს არანებაყოფლობითი ნარკოტესტის ჩატარების თაობაზე.
კანონპროექტის ავტორმა გოგა ხაჩიძემ, რომელმაც კიდევ სამ დეპუტატთან ერთად ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა მაისში დატოვა „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ შექმნის მიზნით, განაცხადა, რომ მისი ინიციატივა გამომდინარეობს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციიდან.
ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მაისში გამოქვეყნებული ანგარიში მართალია მიესალმება საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს“ ნარკოტიკების საწინააღმდეგო პოლიტიკის კუთხით, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. ანგარიში ნარკოპოლიტიკის კუთხით ორ კონკრეტულ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაიმიჯნოს ნარკოტიკების პირადი მოხმრებისათვის ფლობა და რეალიზაცია, რაც უკვე გაზიარებულია ივლისში კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით, ხოლო მეორე რეკომენდაცია მოუწოდებს ხელისუფლებას შემოიღოს სასამართლო კონტროლი პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე.
ამგვარი შემოწმებების სტატისტიკა საკმაოდ მაღალია და კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2007 წლის შემდეგ, როცა მსგავსი ტესტირებების დანერგვა მოხდა, ყველაზე მაღალ ნიშნულს 2013 წელს მიაღწია, როდესაც ტესტირებულთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭაბა და საიდანაც, დაახლოებით, 62%-ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
15 სექტემბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის განხილვისას დეპუტატმა ხაჩიძემ განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მისი კანონპროექტის გაზიარებით, ევროკომისიის „პირდაპირი მითითება“ შესრულდება, სასამართლოს ჩართვის შემთხვევაში, ასევე დაიკლებს ნარკოტესტირების „შეურაცხმყოფელ“ პროცედურაზე პირთა გაგზავნის რაოდენობა, რაც თავის მხრივ დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს, რომელთა მიმართვაც, მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო კურსებზე და საგანმანათლებლო კამპანიებზე.
შსს-ს პოზიცია სხდომაზე პოლიციის აკადემიის პრორექტორმა სოფო კილაძემ წარადგინა და ინიციატივას „გაუმართლებელი“ უწოდა, რადგან იმასთან ერთად, რომ რეგულაციების შეცვლა „გენოფონდს“ შეუქმნის პრობლემებს, ასევე მოიმატებს კრიმინალის დონე, ვინაიდან „გართულდება და თითქმის შეუძლებელი იქნება ადამიანის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა“. „შსს-ის ხელ-ფეხი ექნება შეკრული“, – დასძინა მან.
შსს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების კუთხით სამინისტრომ ევროპელ პარტნიორებს სხვა გზა შესთავაზა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ამ მიზნით მზადდება მინისტრის ბრძანება, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს, თუ რა შემთხვევებში შეეძლება პოლიციელს პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა. ეს შესაძლოა იყოს ნარკოტიკული თრობის ცალკეული კლინიკური გამოვლინებები, განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტს ინიციატივის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი პოზიცია არ ჩამოუყალიბებია და საკითხზე მსჯელობისათვის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მოტივად კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, "უფლებების დაცვის კუთხით ამ ძალიან საყურადღებო“ ინიციატივის „სიღრმისეული განხილვის“ საჭიროება დაასახელა.
დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომლისთვისაც ეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული უკვე მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა ბოლო პერიოდში, მიესალმა კომიტეტის „კონსტრუქციულ“ მიდგომას.