საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე ტურავას გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობას მისი ადგილსამყოფელის მიხედვით სთავაზობს

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ის 16 სექტემბერს განმეორებით მისცემს მოსამართლე მერაბ ტურავას შესაძლებლობას განახორციელოს „მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება“, რათა ხელი მოაწეროს წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის გამოცხადებაც იმის გამო შეფერხდა, რომ ტურავამ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მას გუშინ ხელი არ მოაწერა. 

„ამ მიზნით  ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს  უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მიუხედევად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 15 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება თბილისის ყოფილი მერის და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას სარჩელზე, რომელიც წინასწარი პატიმრობის ვადებს ეხება, სასამართლომ ეს ვერ მოახერხა.

16 სექტემბერს თავის დამატებით განმარტებაში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ტურავა 15 სექტემბერს დღის პირველ საათზე არ გამოცხადდა გადაწყვეტილებაზე ხელმოსაწერად, სასამართლომ მას „არაერთგზის“ შესთავაზა, რომ  მისთვის სასურველ დროსა და ადგილას შეეძლო ხელი მოეწერა, რაზეც „მან უარი განაცხადა,  ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას“.

სასამართლოსვე განმარტებით მაშინ, როცა მანამდე ტურავა „ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო  ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე“, 17:00 საათამდე, გადაწყვეტილების გამოცხადების დათქმულ ვადამდე ნახევარი საათით ადრე „მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა, ხოლო მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს ის უკვე იმყოფებოდა კლინიკაში და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია“.

„ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა  საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის“, – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას „უკიდურესად არასასურველი მოვლენა“ უწოდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა „რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს სიცხადე ამ საკითხში“.

ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა 16 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ტურავა, რომელიც პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ქართული ოცნების წარდგინებით მარტში აირჩია,  მოიქცა „უღირსად“ და საკონსტიტუციო სასამართლოს „სრული დისკრედიტაცია მოახდინა“, როცა  „ავადმყოფობის სიმულირებით“  აღასრულა „ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება“, რომ „ნებისმიერ ფასად უკანონო პატიმრობაში“ დატოვონ გიგი უგულავა, რომლის მიმართაც არცერთ საქმეზე ჯერ განაჩენი არ დამდგარა.   

თბილისის ყოფილმა მერმა, რომელიც უკვე 14 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკონსტიტუციო სასამართლოს აპრილში მიმართა და კანონის იმ მუხლების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც, მისი თქმით, კონსტიტუციით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის 9–თვიან ვადას ეწინააღმდეგება.

კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.

როდესაც რამდენიმე საქმეში ბრალდებულ უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა იწურებოდა, პროკურატურამ  მას 2015 წლის მარტში ბრალი დაუმძიმა, რათა ის პატიმრობაში დაეტოვებინა. ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და რომლის წინასწარი პატიმრობაც რამდენჯერმე გახანგრძლივდა მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას განაჩენს გამოუტანდნენ.