ევროკავშირი და აშშ მიესალმებიან წინასწარი პატიმრობის ვადების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
საქართველოში აშშ–ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმნენ საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა არაკონსტიტუციურია.
ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილის მერის და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავა სარჩელის საფუძველზე გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს გვიან ღამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავა, რომელმაც წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტი გაატარა, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მან ნათელი მოფინა და სამართლებრივი სიცხადე შესძინა იმ საკითხს, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია“ და რომელიც გამოძიების და სამართალწარმოების პროცესში ბრალდებული პირის დაკავებას უკავშირდება.
„ეს ის საკითხი იყო, რომელიც სხვადასხვანაირად რეგულირდებოდა და ჩვენთვის შეშფოთების მიზეზს წარმოადგენდა; მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სიცხადე შესძინა სამართლებრივი პროცედურების დაცვის ამ ფუნდამენტურ ასპექტებს“, – განუცხადა ნატალემ თბილისში ჟურნალისტებს 18 სექტემბერს.
„დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ ფუნდამენტური სამართლებრივი ასპექტების გარკვევის საქმეში, განსაკუთრებით ეს ეხება იმ წესებში სამართლებრივი სიცხადის შეძენას, რომლებიც მოქალაქეებისთვის თავისუფლების აღკვეთას ეხება“, – დასძინა ევროკავშირის დიპლომატმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და უგულავას ადვოკატები მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება პროცესს აჭიანურებდა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება აღარ იყო საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
„ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საკმაოდ სწრაფად, ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მოხდა მისი აღსრულება, რასაც ჩვენ ასევე მივესალმებით“, – განაცხადა ნატალემ, თუმცა ამ საკითხზე შემდგომი კომენტარისგან თავი შეიკავა.
აშშ–ის საელჩომ თბილისში განაცხადა 18 სექტემბერს, რომ „მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი“.
„ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს, [სახელმწიფოსი] რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა [დიდი] მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წელს ივლისის დასაწყისში შეუფარდა. როდესაც უგულავას 9–თვიანი წინასწარი პატიმრობა დასასრულს უახლოვდებოდა და მისი გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა, პროკურატურამ 2015 წლის მარტში მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ–ერთი ბრალდება დაამძიმა, რამაც საშუალება მისცა პროკურატურას სასამართლოსთვის მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება ეთხოვა.
ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და რომლის წინასწარი პატიმრობაც რამდენჯერმე გახანგრძლივდა მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას განაჩენს გამოუტანდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც გასული წლის მოვლენებს მიმოიხილავს, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების წუხილებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პროკურატურა „საკანონმდებლო ხვრელებს“ იყენებს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასაგრძელებლად.
„ბრალდებების ახალი წყების წაყენებასთან ერთად ცხრათვიანი საათის ათვლა ახლიდან იწყება და პროკურატურა ხშირად სწორედ თავდაპირველ ბრალდებებთან დაკავშირებული ვადის გასვლას ელოდა, რომ ახალი ბრალდებები წაეყენებინა“, – ნათქვამია ანგარიშში.