უგულავას გასამართლებაზე ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ‘საქართველოში არსებული სიტუაცია საგანგაშო სიგნალს შეიცავს’
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა მას შემდეგ, რაც თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, განაცხადა, რომ „საქართველოში არსებული სიტუაცია საგანგაშო სიგნალს შეიცავს“.
ევროპის სახალხო პარტიის წევრების, ევროპარლამენტის გერმანელი წევრის ელმარ ბროკის და რუმინელი წევრის კრისტიან დან პრედას ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების ეფექტური იარაღი ხდება“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 4.1 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში, თბილისის მუნიციპალურ სამსახურში 760–ზე მეტი ფიქტიური სამუშაოს შექმნის გზით, რომლის საშუალებითაც თანხები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ხელფასების დაფარვას მოხმარდა. უგულავა უარყოფდა ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. გიგი უგულავა სასამართლოს შენობაში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო განხილვის შედეგად 18 სექტემბერს ღამით განაჩენი გამოიტანა. განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე, უგულავა 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო.
„ჩვენ დიდი შეშფოთებით და მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ისევ დააპატიმრეს და ოთხ წელიწადზე მეტი მიუსაჯეს. ეს ამბავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ერთ დღეში მოხდა“, – ნათქვამია ელმარ ბროკის და კრისტიან დან პრედას განცხადებაში.
„შეგახსენებთ, რომ შარშან დეკემბერში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისას ევროპარლამენტმა გადაჭრით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ეს მაინც ხდება. შერჩევითი სამართლის მიმდინარე საქმეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებას და არსს უხეშად არღვევს. საქართველოს ხელისუფლების შეუპოვრობა გამოიყენოს შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიანის მომტანია ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის პარნტიორი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა აღნიშნა 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში: „აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისი ხელახლა დაპატიმრების გამო“.
„ევროპის სახალხო პარტია მკაცრად გმობს ამგვარ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებს და შოკირებულია სასამართლოს მუშაობაში მთავრობის მუდმივი ჩარევის გამო. ივანიშვილის ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არის მოედანი წესების გარეშე სათამაშოდ“, – განაცხადა დოლმა, „საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზული ლაქა დაედო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)