საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს, რომელშიც აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი, რომლითაც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა, არაკონსტიტუციურია.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებითი ზომის სახით, მოსარჩელეებმა სასამართლოს სადავო კანონის აღსრულების შეჩერება მოსთხოვეს.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა; სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი საბჭოს წევრები პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა.
კანონპროექტი, რომელმაც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოართვა და დამოუკიდებელ სააგენტოს გადასცა, პარლამენტმა ივლისში მიიღო, თუმცა მას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და თავად ეროვნული ბანკის კრიტიკა მოყვა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივლისის ბოლოს კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა 3 სექტემბერს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
22 სექტემბერს შეტანილ ერთობლივ სარჩელში ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევა, მას ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების მხარდაჭერის თაობაზე კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებას ართმევს. მოსარჩელეები ასევე აცხადებენ, რომ სადავო კანონი არღვევს კონსტიტუციას პრეზიდენტის უფლებამოსილების თვალსაზრისითაც, ვინაიდან პრეზიდენტს არანაირი როლი არ ეკისრება ახალი სააგენტოს საბჭოს წევრების შერჩევის და დანიშვნის პროცესში.