ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%–მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 100 საბაზისო პუნქტით, 7%–მდე გაზარდა და ამის მიზეზად, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების ფონზე, „ინფლაციის მოლოდინების“ მკვეთრი ზრდა დაასახელა.
წლიური ინფლაციის დონემ აგვისტოში 5.4% შეადგინა, რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ეროვნული ბანკის 5%–იან სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.
ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა განაცხადა 23 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ 2016 წლის ბოლოსთვის ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულამდე ჩამოვა.
მანამდე 23 სექტემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 4.5% იქნება, რაც მისივე თქმით, ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში ექცევა.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 4%–დან 4.5%–მდე გაზარდა, რასაც მოყვა შემდეგი ზრდა მაისში 5%–მდე, ივლისში 5.5%–მდე და აგვისტოში 6%–მდე. ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 7%–ს 2011 წლის ნოემბერში შეადგენდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 4 ნოემბერს გაიმართება.