საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ბრიუსელში
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს 25 სექტემბერს ბრიუსელში შეხვდა.
„მხარეებმა გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რუსული ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მიწოდების და ასევე მესამე ქვეყნებში [გაზის] ტრანზიტის საკითხები იქნა განხილული“, – განაცხადა გაზპრომმა პარასკევს გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში.
ამჟამად სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსული გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება. ტრანზიტის გადასახადის სახით საქართველო ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10%-ს იღებს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ პარასკევს საღამოს გავრცელებულ მოკლე პრესრელიზში განაცხადა: „დღეს ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შეხვდა გაზპრომის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, აგრეთვე საუბარი შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს“.