პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასევე დაუჭირა მხარი მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარებისათვის საპატიმრო სანქციის გაუქმებას, თუმცა არ დაეთანხმა ამ  დანაშაულის სრული დეკრიმინალიზაციის შეთავაზებას.

ინიციატივა, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ წარადგინა, გულისხმობს, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანას შენახვა და მოხმარება აღარ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და ეს ქმედება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, 100-ლარიანი ჯარიმით დაისაჯოს.

ამჟამად მოქმედი ნორმით, მცირე რაოდენობის მარიხუანას შენახვა პირადი მოხმარებისთვის, გასაღების მიზნით გარეშე, ადმინისტრაციული დანაშაულია და 500 ლარით ჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი ეს ქმედება უკვე სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების სფეროში ექცევა და ისჯება „ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

იურიდიულმა კომიტეტმა 29 სექტემბერს მხარი დაუჭირა პრინციპს, რომ ეს დანაშაული პატიმრობით აღარ დაისაჯოს და სისხლის სამართლის კოდექსში სანქციის სახით მხოლოდ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დარჩეს. ამგვარად კანონპროექტის მოდიფიცირებას ინიციატორიც ეთანხმება.

მანამდე დეპუტატ ხაჩიძის ინიციატივა საფინანსო-საბიუჯეტო და ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა ჩააგდეს.

კანონპროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკის შერბილება მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას წაახალისებს. თუმცა ბევრი დეპუტატი როგორც ქართული ოცნებიდან, ისე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან იზიარებს პრინციპს „არ დავიჭიროთ“ მცირე რაოდენობით მარიხუანას მოხმარების გამო.

ორი დადებითი და ორიც უარყოფითი საკომიტეტო დასკვნით ამ საკითხზე პირველი მოსმენის რეჟიმში მსჯელობა უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც გადაწყვეტილება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედით მიიღება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)