PACE–ს რეზოლუცია ‘წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების თაობაზე’ საქართველოს აკრიტიკებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 1 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც თურქეთთან და რუსეთთან ერთად, საქართველოც არის გაკრიტიკებული „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების გამო“.
რეზოლუცია სახელწოდებით „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში“ 89 ხმით იქნა მიღებული 10–ის წინააღმდეგ.
ქართული დელეგაციის ოპოზიციურმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებმა ის გააკრიტიკეს და „მიკერძოებული“ უწოდეს.
რეზოლუციას საფუძვლად დაედო ესპანელი დეპუტატის პედრო აგრამუნტის ანგარიში. აგრამუნტი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარეა PACE–ში – ამ ფრაქციაში 324 დეპუტატი შედის ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს პარლამენტებიდან.
ანგარიში პედრო აგრამუნტმა საქართველოში, რუსეთსა და თურქეთში შემსწავლელი მისიების განხორციელების შემდეგ მოამზადა; შედეგად, მიღებული რეზოლუცია, ძირითადად, ამ სამ ქვეყანაში არსებულ შემთხვევებს ეფუძნება.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა დებატების დროს, რომ PACE–მ არ უნდა დახუჭოს თვალი საქართველოში არსებულ პრობლემებზე და მოუწოდა ასამბლეის წევრებს მხარი დაუჭირონ ანგარიშს და რეზოლუციის პროექტს; მან ასევე დასძინა, რომ PACE–ს ხმა ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა საქართველოში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ, რომელიც პარლამენტის ვიცე–სპიკერია, განაცხადა ასამბლეის სხდომაზე, რომ შემოთავაზებული ანგარიში და რეზოლუციის პროექტი „მიკერძოებულია“ და არ ასახავს საქართველოში არსებულ სიტუაციას. მან ასევე განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი სიმპათიას გამოხატავს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრია. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ანგარიშის „გარკვეული ელემენტები“ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ „უპატივცემულობას“ გამოხატავენ.
საქართველოს დელეგაციის წევრები ქართული ოცნებიდან რეზოლუციის პროექტში მთელი რიგი ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ, რომელთა უმეტესობაც ტექსტიდან საქართველოს მიმართ კრიტიკული შენიშვნების ამოღებას ისახავდა მიზნად; თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ერთ–ერთ შესწორებაში ქართული ოცნების დეპუტატები ითხოვდნენ ის ფაქტი აესახათ რეზოლუციაში, რომ წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოში, თუმცა ეს მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა. მომხსენებელმა პედრო აგრამუნტმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ასახული იყო მის ანგარიშში და რეზოლუციაში ხსენების საჭიროება აღარ არსებობდა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა წინასწარი პატიმრობის არასათანადო მიზეზით გამოყენებას, მათ შორის „ზეწოლას დაკავებულ პირებზე, რათა აეძულებინათ დანაშაულის აღიარება ან სხვა მხრივ თანამშრომლობა პროკურატურასთან, მათ შორის მესამე პირის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის გზით (მაგალითად რუსეთის ფედერაციაში სერგეი მაგნიტსკის და საქართველოში ოპოზიციური ლიდერების ზოგიერთი შემთხვევა)“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავს „პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაციას ან სხვამხრივ ნეიტრალიზებას (მაგალითად საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ზოგიერთი შემთხვევა)“.
იმ ფაქტორებს შორის, რომელიც წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას უწყობს ხელს, რეზოლუციაში დასახელებულია ზოგიერთ ქვეყანაში კონკრეტულ საქმეებზე პროკურორებისთვის სასურველი მოსამართლეების გამწესება (forum shopping). ამ პრაქტიკის გამოყენება, რეზოლუციის თანახმად, ხდება მაგალითად საქართველოში, რუსეთში და თურქეთში.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში ბრალდების მხარე მიმართავს თავდაპირველი ბრალდების შეცვლას, რათა მოხდეს კანონით დადგენილი წინასწარი პატიმრობის შეზღუდული ვადისთვის გვერდის ავლა და ამით საფუძველი შეიქმნას წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის. ამ კუთხით რეზოლუციას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მაგალითები მოყავს. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა საქართველოში, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით წინასწარი პატიმრობა არაკონსტიტუციურია.
რეზოლუციის თანახმად, ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და საქართველო, სამართლებრივი რეფორმები განახორციელა, რასაც თან სდევდა პრაქტიკული ზომები; „შედეგად კი, წინასწარ დაკავებაში მყოფ პატიმართა რაოდენობა შემცირდა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაკავებულთა უმრავლესობის მოპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები კვლავ ფიქსირდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)