მარგველაშვილი: საქართველოს ‘აქტიური საგარეო პოლიტიკა სჭირდება’
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტის დასრულებამდე განაცხადა, რომ საქართველოს „აქტიური საგარეო პოლიტიკა“ სჭირდება და ნიუ–იორკსა და ვაშინგტონში გამართული ათობით მისი შეხვედრა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილი იყო.
„საქართველოს სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა. ჩემი შეხვედრები ნიუ–იორკში ევროპელ ლიდერებთან და ათობით შეხვედრა ვაშინგტონში და საჯარო გამოსვლები ემსახურება სწორედ ამ მიზანს. დარწმუნებული ვარ, ამის შედეგად დასავლეთის დედაქალაქებში გააქტიურდება ქართული თემატიკა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში.
Foreign Policy-სთან ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ემსახურებოდა „საქართველოს ხილვადობის გაზრდას აშშ–ის რადარის ეკრანზე“.
ნიუ–იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველო მეტნაკლებად გაქრა აშშ–ს აქტიური რადარებიდან“.
საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება, მისი თქმით, „მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.
„პირველი მიზეზი, რის გამოც ჩვენ საქართველოს შესახებ უნდა ვისაუბროთ… არის ის უნიკალური როლი, რომელსაც ჩემი ქვეყანა თამაშობს ევრაზიის კონტინენტის განვითარების საქმეში“, – განაცხადა მან საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაზე მინიშნებით და რეგიონის მიმართ ჩინეთის მზარდ ინტერესს გაუსვა ხაზი აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტის აღდგენის კუთხით.
„მეორე მიზეზი“, – განაგრძო მან, „არის საქართველო–რუსეთის ურთიერთობები, რომელიც, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ქართულ–რუსულ კონტექსტში არ უნდა იქნას განხილული… საქართველოსა ან უკრაინაში რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ შეგუება, გლობალური დისკუსიებიდან საქართველოს თემის ამოღება და ამ საკითხების მხედველობაში აღარ მიღება უარყოფით გავლენას მოახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.
მესამე საკითხი, თუ რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი, მისი თქმით, „ეს არის დემოკრატია და დემოკრატიულ სახელმწიფოებს მხარი უნდა დაუჭირონ მსოფლიოს მასშტაბით“.
პრეზიდენტი მარგველაშვილი ვიზიტის დროს თავის ლატვიელ, ლიტველ, პოლონელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ–იორკს სტუმრობდნენ.
ვაშინგტონში პრეზიდენტი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტს კრისტინ ლაგარდს და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯიმ იონგ კიმს შეხვდა.
იგი შეხვდა კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს და დემოკრატიული საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს სტენი ჰოიერს; რესპუბლიკელ კონგრესმენებს მაიკლ ტერნერს და ტედ პოს; ასევე სენატის საფინანსო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს ორინ ჰაჩს; რესპუბლიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს; ბობ კორკერს; ჯეფ სეშენს; რონ ჯონსონს; ტომ კოტონს და დემოკრატ სენატორ ბენ კარდინს.
იგი ასევე შეხვდა ევრაზიელ ებრაელ თემთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის (NCSEJ) აღმასრულებელ დირექტორს მარკ ლევინს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, ასევე შედიოდნენ ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატები. კოალიცია ქართულ ოცნებასაც შესთავაზეს დელეგაციაში მისი დეპუტატი შეყვანა, თუმცა ჯანმრთელობის მიზეზით დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს ვერ გაყვა.
ნიუ–იორკს მიმდინარე კვირას ასევე სტუმრობდა ცალკე დელეგაცია საქართველოდან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ღარიბაშვილი 1 ოქტომბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა სიტყვით.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასევე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელმაც ადრე ღიად მიანიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ პრემიერ–მინისტრის ნაცვლად, ის გამოვიდოდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიესალმა ღარიბაშვილის მიერ გაეროში გამოსვლისას „საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას“.
ვიზიტის დასრულებამდე პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი 2 ოქტომბერს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. ნიუ-იორკში გამართულ მის ორმხრივ შეხვედრებს შორის იყო ასევე მოლდოველ და თურქ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებები, გაიანას, ტოგოს პრეზიდენტებთან, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრთან და ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)