ოპოზიციონერ აქტივისტებს ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირების შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული „თავისუფალი ზონის“ სამ აქტივისტს კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით.
„თავისუფალი ზონის“ აქტივისტები 2 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მხარდასაჭერად, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართული ოცნების დეპუტატს, დავით ლორთქიფანიძეს. ინციდენტიდან რამდენიმე საათში სამი აქტივისტი – ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია დააკავეს.
როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს ქართული ოცნების მხარდამჭერმა 14 სექტემბერს გურჯაანში მევენახეების საპროტესტო აქციაზე ხელი დაარტყა, ეჭვმიტანილს დაკავების გარეშე წაუყენეს ბრალი.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ განსხვავებული მიდგომა ამ ორი შემთხვევის მიმართ – როდესაც პირი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს დაარტყა, გაათავისუფლეს, ხოლო ქართული ოცნების დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დადანაშაულებული პირებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – შერჩევითი სამართლის გამოყენების მაჩვენებელია.
4 ოქტომბერს ქუთაისის მერიის წინ „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო სამი დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.