ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სხვა ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა, რათა „მასშტაბური“ ქუჩის აქციები გამართონ მოქმედი ხელისუფლების მმართველობის „დასამთავრებლად“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ეს განცხადება საპროტესტო აქციაზე გააკეთეს, რომელიც მათ, მხარდამჭერებთან ერთად, ორშაბათს საღამოს სოლოლაკში ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლის წინ გამართეს.
აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოხატეს ქუთაისის სასამართლოს მიერ ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული „თავისუფალი ზონის“ სამი აქტივისტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო იმ ინციდენთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირებას უკავშირდება. ოპოზიციამ ხელისუფლება სამართლის შერჩევით გამოყენებაში დაადანაშაულა, რადგანაც წინა მსგავსი ინციდენტების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების წინააღმდეგ, დამნაშავეები ან არ დააკავეს, ან მხოლოდ დააჯარიმეს.
„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არ უზის ჯიბეში ივანიშვილს, უნდა გაერთიანდეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. მეთანხმებით, რომ დრო არის, შევიკრიბოთ უფრო მასშტაბურად? მეთანხმებით, რომ წერტილი უნდა დავუსვათ ამ კაცს?“, – მიმართა ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ 5 ოქტომბერს აქციის მონაწილეებს მეგაფონით, რასაც მოყვა მონაწილეების შეძახილები: „დიახ, დიახ“.
„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ მალე“, – დასძინა ბოკერიამ.
„თუ ჩვენ მივცემთ უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაამყაროს საბოლოოდ იმ ტიპის რეჟიმი, რომლისკენაც მიდის… ჩვენ ათწლეულობით დავკარგავთ შანსს იმისა, რომ ქვეყანა სწორი განვითარების გზით წავიდეს. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილება არის ძალიან მყარი – ჩვენ აქ მოვედით, რომ ამ ადამიანს ვუთხრათ, რომ ამას ვერ მოახერხებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა აქციაზე.
ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა მიმართა აქციის მონაწილეებს: „ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციას ყველა პოლიტიკურ ძალასთან იმისათვის, რომ გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები, იმისათვის, რომ გადავაყენოთ ეს ხელისუფლება და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები“.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ეს იქნება სამართლიანი, კონსტიტუციული გზა. ნაციონალური მოძრაობა დღეიდან იწყებს ფართომასშტაბიან კონსულტაციებს და ასევე ფართომასშტაბიან აქციებს მთელ საქართველოში“, – განაცხადა რატიანმა.
ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატები", რომლებიც ასევე არიან წარმოდგენილები პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ მთავრობის მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საარჩევნო ციკლის დაცვა აუცილებელია.
„ჩვენ ვემხრობით არჩევნების ვადაში ჩატარებას“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ „თავისუფალი დემოკრატებიდან“, „მთავარია ყველანაირი გარემოება შეიქმნას იმისათვის, რომ ეს არჩევნები 2016 წელს ჩატარდეს წესიერად“.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ ქუჩის მსხვილი საპროტესტო აქცია სამჯერ გამართა თბილისში – პირველი 2013 წლის აპრილში; შემდეგ 2014 წლის ნოემბერში და 2015 წლის მარტში.