მარგველაშვილი აშშ–ში საქართველოს ელჩს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის არ ახლდა მას და არც კი შეხვდა გასულ კვირას ნიუ–იორკსა და ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს.

საქართველოს ელჩი აშშ–ში არჩილ გეგეშიძე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახლდა, რომელიც საქართველოდან ცალკე დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღიარა ქვეყნის ხელმძღვანელობაში „უკეთესი კოორდინაციის“ საჭიროება.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, რომ სწორი მორალი, დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებში, ვინც ელემენტარულად არღვევს კანონმდებლობის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში – სხვათა შორის, მე არ ვიყავი იქ ჩასული ჩემი კერძო ვიზიტით, არამედ ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და საინტერესო შეხვედრების შედეგად ძალიან საინტერესო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში 5 ოქტომბერს.

„საერთოდ არ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა მარგველაშვილმა გეგეშიძეზე.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ერთ–ერთი თემა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების დროს, ეს იყო პოლიტიზირება საჯარო სამსახურის“.

გეგეშიძემ უპასუხა, რომ იგი გაკვირვებულია პრეზიდენტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მას დიპლომატიური ეტიკეტი არ დაურღვევია, რადგანაც არ არსებობს რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებს, თუ როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება „ისეთ არაორდინარულ ვითარებაში“, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ერთდროული, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვიზიტებით სტუმრობენ ქვეყანას. 

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ვიზიტი – როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ–მინისტრის – „ძალიან წარმატებული“ და „სასარგებლო იყო ჩვენი ქვეყნისთვის“ და საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა როგორც აშშ–ში, ისე გაეროში ბევრი იმუშავეს ამისთვის.

გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრად 1 სექტემბერს დაინიშნა, განაცხადა, რომ აშშ–ში ვიზიტამდე ის სთავაზობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ სხვა დროს დაეგეგმათ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი.

„სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა“, – უთხრა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 6 ოქტომბერს.

„მე, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, რომ ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე პრემიერ–მინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან, მათ შორის იმ შეხვედრებიდან, რომელიც იყო გაეროს ფორმატის მიღმა – და იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც – მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ–იორკში და ამაში უკანონობის დანახვა არის ალბათ უფრო გადამეტება იმიტომ, რომ ამაში უკანონო ნამდვილად არაფერი არ ყოფილა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„რაც შეეხება ზოგადად ის, რომ ამ საკითხებზე ჩვენ გვიწევს კომენტარების კეთება, მიმაჩნია, რომ არის ცუდი“,– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მიმაჩნია, რომ რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯების დაგეგმვისას, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისთვის და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები მაქსიმალურად მეტი გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნიუ–იორკში ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა; ის 1 ოქტომბერს გაეროს გენერალურ დებატებზეც გამოვიდა სიტყვით.

5 ოქტომბერს „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ უკეთესი იქნებოდა ის გამოსულიყო ასამბლეის წინაშე. თუმცა მიესალმა პრემიერ–მინისტრის გამოსვლას გაეროში საქართველოს ევრო–ატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერის გახმოვანებისთვის.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, ასევე შედიოდნენ ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატები. კოალიცია ქართულ ოცნებასაც შესთავაზეს დელეგაციაში მისი დეპუტატი შეყვანა, თუმცა ჯანმრთელობის მიზეზით დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს ვერ გაყვა აშშ-ში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)