საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბრიუსელს სტუმრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ისინი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდებიან, რომელიც საქართველოს აგვისტოში სტუმრობდა.

ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში 8 ოქტომბერს ნატოს შტაბბინაში გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხიდაშელი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება თავის ბრიტანელ, ფრანგ, ბულგარელ, რუმინელ და პოლონელ კოლეგებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გეგმავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან,  გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერთან, რომელიც გაეროსა და ეუთოს წარმომადგნელებთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება თავის ბელგიელ კოლეგას დიდიე რეინდერსს.