დავით დონდუა აცხადებს, რომ ვაშინგტონმა თბილისს ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან თავშეკავება სთხოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სთხოვა თბილისს, რომ „ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან“, სანამ თეირანი ივლისში ვენაში გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს სრულად არ შეასრულებს.  

„ჩვენ გვაქვს მუდმივი საუბარი ამერიკელ კოლეგებთან, რომლებიც გვთხოვენ, რომ ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან და საერთოდ გახსნისთვის, სანამ ყველა ის ვალდებულება, რომელზეც ვენაში შეთანხმდნენ, არ იქნება შესრულებული და ირანს საბოლოოდ არ მიეცემა მწვანე შუქი“, – განაცხადა დონდუამ 9 ოქტომბერს.

„აქვე ვეუბნებით ჩვენ ამერიკელ მეგობრებს და სხვებსაც, რომ ჩვენ ერთგული ვართ იმ პოლიტიკისა, იმ სანქციებისა, რომელსაც თქვენ და ევროკავშირი აკეთებთ და იმ პოლიტიკის, რომელსაც თქვენ აწარმოებთ ირანში, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი სპეციფიკა; ირანი არის რეგიონული სახელმწიფო, ირანი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა მხრივ და ამიტომ ჩვენ ეს გვინდა, რათა გარკვეული სივრცე გვქონდეს სამოძრაო“, – განაცხადა დონდუამ.

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებთან შეხვედრაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს უარის თქმა მოუწია საქმიანობის დასაწყებად ირანული ავიაკომპანიის შემოთავაზებაზე მას შემდეგ, რაც ეს ამერიკამ ურჩია.

თუმცა, დონდუამ ასევე განაცხადა, რომ ასევე იყო ცალკე შემთხვევა, როდესაც თბილისმა, „გამომდინარე ჩვენი პრაგმატული ინტერესებიდან“, ნება დართო სხვა ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოში საქმიანობა დაეწყოთ მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამგვარ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდა.

„ჩვენ გავაკეთეთ ეს ისე, რომ არ დაზარალებულიყო ჩვენი ურთიერთობები არც ამერიკელ და არც ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ამჟამად ერთადერთი ავიაკომპანიაა ATA Airlines-ი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ფრენებს ასრულებს.

„იმედია, ირანი მალე გამოვა იზოლაციიდან“, – განაცხადა დონდუამ და დასძინა, რომ ამას დადებითი შედეგი ექნება, თუმცა შესაძლოა გარკვეული ურყოფითი მხარეც ჰქონდეს და „ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

„როიტერი“ იტყობინებოდა 9 ოქტომბერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „შეახსენა უცხოურ მთავრობებს და ამერიკელ ბანკირებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები ძალაში რჩება, რაც იყო იმის გაფრთხილება, რომ დასავლურმა კომპანიებმა არ იჩქარონ ირანის ნავთობის ინდუსტრიაში და სხვა ბიზნესებში ინვესტიციების ჩადება, სანამ ქვეყანა სრულად არ შეასრულებს ივლისის ბირთვული ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს“. 

ივლისში გაკეთებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ირანის ბირთვულ  პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯს“.