ღარიბაშვილი აზერბაიჯანთან ‘მეგობრულ და სტრატეგიულ’ ურთიერთობებს ადასტურებს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ თბილისის ურთიერთობები ბაქოსთან კვლავაც „მეგობრული და სტრატეგიული“ იქნება; მან „დივერსიფიკაციის და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლების“ შესახებ რაიმე მოლაპარაკებებს „სრული აბსურდი“ უწოდა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა გასული კვირის ბოლოს, რომ თბილისი ღიაა რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისთვის საქართველოს კომერციული კომპანიებისთვის გაზის შესაძლო მიწოდების თაობაზე, რათა, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ განაცხადეს, ქვეყნისთვის ენერგომოწოდების „დივერსიფიკაცია“ განხორციელდეს. კალაძემ, რომელიც სექტემბერის ბოლოს ბრიუსელში „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, გაიმეორა 12 ოქტომბერს, რომ კერძო კომპანიები შესაძლოა დაინტერესდნენ რუსული გაზის შეძენით, თუ ფასი მისაღები იქნება. 

საქართველო „გაზპრომისგან“ გაზს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებს. კერძოდ, მას ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% ეკუთვნის. თუმცა ეს საქართველოს მოხმარების მცირე ნაწილია და ძირითადად, ქვეყანა აზერბაიჯანული გაზით მარაგდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყანამ 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, საიდანაც მხოლოდ 200 მილიონი კუბური მეტრი მოდიოდა „გაზპრომის“ მიერ სატრანზიტო გადასახადის სახით მოწოდებულ გაზზე, ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირი იყო.  2014 წელს საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობად „გაზპრომი“ 300 მილიონ კუბურ მეტრს ასახელებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გასულ კვირას „გაზპრომიდან“ გაზის შესაძლო მოწოდებაზე ისაუბრა, პრემიერ–მინისტრმა 10 ოქტომბერს ბაქოში ხანმოკლე და დაუანონსებელი ვიზიტი განახორციელა, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამან თბილისში სპეკულაციები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ეს მოულოდნელი ვიზიტი ურთიერთობების დალაგებას ისახავდა მიზნად მას შემდეგ, რაც თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა „გაზპრომიდან“ გაზის მოწოდების თაობაზე ბაქოსთან ურთიერთობებში შესაძლო უთანხმოება გამოიწვია.

„ზოგადად, სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე“, – განაცხადა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. 

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოუწოდეს ენერგეტიკის მინისტრს დეპუტატებთან შეხვედრისკენ, რათა ნათელი მოფინოს არსებულ ვითარებას და განმარტოს, თუ რატომ გახდა საჭირო რუსული გაზის შემოტანა იმ პირობებში, როცა საქართველოს უკვე აქვს სტაბილური გაზმომარაგება აზერბაიჯანიდან.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა: „საქართველოს წლების განმავლობაში მოეწოდება სტაბილური, იაფი და შეუფერხებელი ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის მხრიდან, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ამ დროს, როდესაც არ არსებობს დამატებით მოცულობაზე მოთხოვნის შემთხვევაში დაკმაყოფილების პრობლემა, ისინი აგრძელებენ საუბარს „გაზპრომთან“, რომელიც არის პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო და პირდაპირ არის დატვირთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, აღნიშნული არის საზიანო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის“.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ახლად დანიშნულმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ ანალოგიური პოზიცია გააჟღერა და განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ საქართველოს არ სჭირდება გაზის მოწოდების „დივერსიფიკაცია“ ამ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რუსეთის „პოლიტიკურ იარაღს“ – „გაზპრომს“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 12 ოქტომბერს, რომ მისი ბაქოში ვიზიტი იყო „ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან“.

მისი თქმით, პრეზიდენტი ალიევი თბილისს 6 ნოემბერს ესტუმრება.

 „ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო, სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის თაობაზე და მათი გაღრმავების თაობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„არავითარი გადახედვა არ იგეგმება. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. ჩვენ გვაქვს და გვექნება მომავალშიც ძალიან მჭიდრო, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე – ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის. ეს არის სრული აბსურდი და მოსახლეობა ნუ შეყავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს შეცდომაში“, – განაცხადა მან.

თავის კომენტარში პრემიერ–მინისტრი საერთოდ არ შეეხო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს შესაძლო გაზის მოწოდებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)