პრეზიდენტი ‘ენერგოუსაფრთხოების’ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმართავს მთავრობას, რომ მისი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" შესახებ.
მთავრობის სახელზე 13 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას დაესწრებიან პრეზიდენტი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი თავის კონსტიტუციურ უფლებას იყენებს და მთავრობის სხდომაზე მისი შეთავაზებული საკითხის განხილვას ითხოვს. მან ასეთივე თხოვნით მთავრობას გასული წლის ნოემბერშიც მიმართა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მოითხოვა, თუმცა მისი ეს მიმართვა არ დაკმაყოფილდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს ამჯერად ენერგოუსაფრთხოების რა კონტექსტის განხილვას ითხოვს გიორგი მარგველაშვილი, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რამაც მძაფრი დისკუსია გამოიწვია.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ თბილისი ღიაა რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისთვის სომხეთში გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდისა და ასევე საქართველოს კომერციული კომპანიებისთვის გაზის შესაძლო მიწოდების თაობაზე, რათა, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ განაცხადეს, ქვეყნისთვის ენერგომოწოდების „დივერსიფიკაცია“ განხორციელდეს. კალაძემ, რომელიც სექტემბერის ბოლოს ბრიუსელში „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, გაიმეორა 12 ოქტომბერს, რომ კერძო კომპანიები შესაძლოა დაინტერესდნენ რუსული გაზის შეძენაში, თუ ფასი მისაღები იქნება.
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ნაციონალურმა მოძრაობამ და "თავისუფალმა დემოკრატებმა" გააკრიტიკეს ხელისუფლება „გაზპრომთან“ ურთიერთობების შესაძლო გაფართოების გამო, რამაც, მათი თქმით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას რუსეთისგან ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ასევე დააზიანოს გაზმომარაგების სფეროში მეზობელ აზერბაიჯანთან არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ხანმოკლე და დაუანონსებელი ვიზიტით შაბათს ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, 12 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში „სრული აბსურდი“ უწოდა „დივერსიფიკაციის და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლების“ თაობაზე რაიმე მოლაპარაკებებს და განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობების არანაირი გადახედვა არ იგეგმება.
13 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერმა ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ „არ განიხილება აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლება რუსული გაზით“ და საუბარია „გაზპრომთან“ მხოლოდ „ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებზე“, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს „რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების დასაცავად“, რათა „რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენ ქვეყანაში“.
„ვინაიდან, სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა დაინტერესებულია, მეტი გაზი მიიღოს ამ გაზრდილი მოცულობიდან. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, გაუგებარია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო „გაზპრომისგან“ გაზს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებს. კერძოდ, მას ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% ეკუთვნის. თუმცა ეს საქართველოს მოხმარების მცირე ნაწილია და ძირითადად, ქვეყანა აზერბაიჯანული გაზით მარაგდება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყანამ 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, საიდანაც მხოლოდ 200 მილიონი კუბური მეტრი მოდიოდა „გაზპრომის“ მიერ სატრანზიტო გადასახადის სახით მოწოდებულ გაზზე, ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული ბუნებრივი აირი იყო. 2014 წელს საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობად „გაზპრომი“ 300 მილიონ კუბურ მეტრს ასახელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)