რვა რელიგიური ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში საგადასახადო სფეროში ‘უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს’ აპროტესტებს
რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა იმ საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, უმცირესობათა რელიგიებს საგადასახადო შეღავათებს არ ანიჭებს და ამით „უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს“ ქმნის.
მოსარჩელეები შემდეგი რელიგიური ორგანიზაციები არიან: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია; საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი; საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია; წმიდა სამების ეკლესია; ქრისტეს ეკლესია. მათ ინტერესებს კი საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დაიცავენ.
სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება ე.წ. კონკორდატი და საქართველოს საგადასახადო კოდექსი მთელი რიგი საგადასახადო ვალდებულებებისგან ათავისუფლებს მართლმადიდებელ ეკლესიას.
საგადასახადო კოდექსით, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაცია; ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადისგან იმ საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით და ასევე საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა.
მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუცია „აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“, ასევე განსაზღვრავს, რომ მასთან დადებული კონკორდატი „სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“.
მოსარჩელეები იმ საკანონმდებლო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს. მათი მოსაზრებით, არსებული ვითარება, როცა რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებს შეზღუდული აქვთ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
„სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც მისცემს შესაძლებლობას არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რაც ხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია 8 რელიგიური ორგანიზაციის ინტერესების დამცველთა მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)