ქართული ოცნების მხარდაჭერის კლების ფონზე, კვლევა ამომრჩეველთა ‘გადაუწყვეტელ’ არჩევანზე მიუთითებს

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ იმ სავარაუდო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ ვის მიცემენ ხმას ან არცერთ პარტიას არ ანიჭებენ უპირატესობას, 41%-მდე გაიზარდა იმ ფონზე, როცა მმართველი კოალიციის ქართული ოცნების მხარდაჭერა შემცირდა და თითქმის გაუტოლდა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის პოლიტიკური რეიტინგების მომცველი ნაწილი შაბათს გამოქვეყნდა. გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში აწარმოა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 4 448 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით; კვლევაში  ცდომილების ზღვარი  +/- 3.01% შეადგენს.

რესპოდენტთა 31%-მა იმ 49%-დან, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, არ იცის რომელ პარტიას მიცემდა ხმას, რაც აპრილში არსებული 27%-დან გაზრდილი მაჩვენებელია. 10%-მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, რაც აპრილის მონაცემთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტითაა ასევე მომატებული. 11%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

ოპოზიციურ ნაციონალური მოძრაობას სავარაუდო ამომრჩევლების 15%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც აპრილის კვლევის თითქმის ანალოგიური მაჩვენებელია.

ქართული ოცნების მხარდაჭერა კი აპრილის შემდეგ 10 პროცენტული პუნქტით დაეცა სავარაუდო ამომრჩევლებს შორის და უკანასკნელ კვლევაში 14% შეადგინა.

ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ „თავისუფალ დემოკრატებს“ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს სავარაუდო ამომრჩეველთა 5%-5% უჭერს მხარს.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს; მისი მთავარი კონკურენტი ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელია იმ პირობებში, როცა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს შუალედურ არჩევნებს.

კვლევის თანახმად, სავარაუდო ამომრჩევლების 4% მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 3% – ნინო ბურჯანაძის გაერთიანებულ ოპოზიციას.

იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, აპრილში არსებული 56%-დან უკანასკნელ კვლევაში 49%-მდეა შემცირებული.

„დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ, რადგან არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას“, – განაცხადა NDI საქართველოს დირექტორმა  ლორა თორნტონმა, „მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. ეს თითოეულ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადი დაუთმოს მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვებას, მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებით“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)