„რუსთავი 2“–ის საქმის მოსამართლემ თვითაცილებაზე უარი თქვა
სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანს „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც ტელეკომპანიის ლოგოიანი მაისური აცვია და რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის წინაშე გამოდის, 19 ოქტომბერი, 2015 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უარი თქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავის საქმიდან თვითაცილებაზე მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარემ მას მოსარჩელის სასარგებლოდ მიკერძოებაში დასდო ბრალი.
იმავდროულად, „რუსთავი 2“–ის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის გაჩუმება სურს.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე შუამდგომლობა „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა დააყენეს, რასაც მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველები დაუპირისპირდნენ. ხალვაში, რომელიც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის თანამფლობელი იყო, სასამართლოს გზით ცდილობს ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნებას.
მოპასუხის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე ძირითადად ორ მთავარ არგუმენტს ეფუძნებოდა.
ერთ–ერთია ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ აღიძრა.
მეორეა მოსამართლის მეუღლის მიერ თავის Facebook–ის გვერდზე „რუსთავი 2“–ის და მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ გამოქვეყნებული რამდენიმე უარყოფითი კომენტარი ჯერ კიდევ მანამ და მას შემდეგაც, რაც დაიწყო სასამართლო დავა მაუწყებლის მფლობელობის თაობაზე.
„რუსთავი 2“, რომელიც აცხადებს, რომ ხალვაში სინამდვილეში ხელისუფლების სახელით და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს, აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს მოსამართლე ურთმელიძეზე იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დედამისის წინააღმდეგ აღიძრა.
12 ოქტომბერს პროკურატურამ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა მოსამართლე ურთმელიძის დედას ოჯახურ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 1 წლის და 9 თვის წინ მოხდა და რომლის დროსაც მისმა სიძემ სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. ამ სამართლებრივი დევნის დაწყების დრომ წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მოსამართლეზე ზეწოლას დედის წინააღმდეგ აღძრული საქმის მეშვეობით ცდილობს.
პროკურატურამ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ საოჯახო ინციდენტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებების წელიწადზე მეტის გასვლის შემდეგ წარდგენა სტანდარტული პროცედურაა, რადგანაც დავის მხარეებს დრო ეძლევათ, რომ სასამართლოს გარეშე მორიგდნენ.
შუამდგომლობის განხილვის დროს „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა მოსამართლეს: „ყოველგვარი პერსონალური პატივისცემის გარეშე უნდა მივმართო სასამართლო შემადგენლობას“ .
„ეს კომპანია [რუსთავი 2] თქვენს გამო საფრთხეშია“, – უთხრა გვარამიამ მოსამართლეს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ხელი მაქვს აწეული თქვენს დანიშვნაზე“, – განაგრძო გვარამიამ, რომელსაც სავარაუდოდ ის ფაქტი ჰქონდა მხედველობაში, რომ 2004–2007 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის დროს, ის ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანუ იმ ორგანოს წევრი, რომელიც მოსამართლეების თანამდებობებზე გამწესებას ახდენს.
„ვწუხვარ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომა. ჩემი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი თქვენი დანიშვნის დროს“, – მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ უთხრა მოსამართლეს, რომ მოპასუხის შუამდგომლობა აცილების თაობაზე „უსაფუძვლო“ და „აბსურდულია“, რადგან, მისი თქმით, ვერ ასაბუთებს ეჭვს მოსამართლის მიუკერძოებლობის თაობაზე.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე ურთმელიძემ განაცხადა: „შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ იქნება დაკმაყოფილებული“.
„რუსთავი 2“–ის შესახებ მისი მეუღლის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული უარყოფითი პოსტების შესახებ ურთმელიძემ განაცხადა, რომ ეს იყო „კომენტარები“ გვარამიას იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც მის წინააღმდეგ გაკეთდა და სადაც „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ურთმელიძეს „კორუმპირებულობაში“ ადანაშაულებდა, ასევე ეს იყო რეაქცია გვარამიას მუქარაზე, სადაც ის აცხადებდა, რომ „მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება“.
„არ იყო ეს განცხადება ჩემთან შეთანხმებული, მის თვალსაზრისს ამ კუთხით მე არ ვიზიარებ“, – განაცხადა მოსამართლე ურთმელიძემ, „მეუღლე არ არის მოსამართლე“.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს დედამისის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლემ განაცხადა, რომ ფორმალურად დედამისი, მდინარა გიორგობიანი „არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად“, რასაც სასამართლო დარბაზში „რუსთავი 2“–ის მხარდამჭერთა სიცილი მოყვა.
„თავიდანვე მე დისტანცირებული ვიყავი ამ სამართლებრივი პროცედურებიდან“, – განაგრძო მოსამართლე ურთმელიძემ. „მე არც დავინტერესებულვარ აღნიშნული საკითხით“.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან მასზე ზეწოლის მცდელობა ხორციელდება და მისი თვითაცილება იმის ნიშანი იქნება, რომ ამ ზეწოლას დაემორჩილა.
„მოსამართლეზე მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოებული კამპანია მოსამართლეს აიძულებს გამოიჩინოს მაქსიმალური მოთმინება და მდგრადობა და მიუხედავად შესაძლო არასასიამოვნო გარემოებებისა, საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, რადგან უსაფუძვლო კამპანიური ზეწოლის მცდელობის გამო მოსამართლის აცილება საფუძველს აცლის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მხარე იქნება დაინტერესებული მაქსიმალურად აწარმოოს კამპანია მოსამართლის წინააღმდეგ მისთვის შავი პიარის აგორების კუთხით, რათა ის აცილებული იქნას“, – განაცხადა მოსამართლე ურთმელიძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში აშუქებდა სასამართლო დარბაზში და შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებს, სადაც მაუწყებლის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი „რუსთავი 2“–ს დაიცავენ.
აქციის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან.
16 ოქტომბერს პარლამენტმა ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი, რომელიც გამოხატავდა „შეშფოთებას“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე „მთავრობის მიერ“ განხორციელებული „ზეწოლის“ გამო.
17 ოქტომბერს პარტიის სახელით გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდებას მოყვება „პერმანენტული საპროტესტო აქციები“ და მათ შორის მოხდება „სამთავრობო შენობების პიკეტირება“.
„თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს „რუსთავი 2“–ის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად“, – განაცხადა გაბაშვილმა 17 ოქტომბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)