აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „პორტერი“, ბათუმი, 20 ოქტომბერი, 2015 წელი. აშშ საელჩოს ფოტო
აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „პორტერი“ 20–23 ოქტომბერს ბათუმის პორტს სტუმრობს.
ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც ოქტომბერში ოდესის პორტსაც სტუმრობდა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის.
„ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „პორტერი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს.
„პორტერის" სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება“, – განაცხადა საელჩომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)