პროკურატურა აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მან გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელევიზიო განცხადების საფუძველზე, რომელშიც მან ხელისუფლება შანტაჟში დაადანაშაულა.

„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით და ასევე უმოკლეს ხანებში ჩვენს მიერ ნიკა გვარამია დაბარებული იქნება მოწმის სახით და დაიკითხება“, – განუცხადეს Civil.ge-ს  21 ოქტომბერს მთავარ პროკურატურაში.

იძულებასთან დაკავშირებული ამ მუხლით ჯარიმით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან იმავე ვადით პატიმრობით ისჯება „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ოთხშაბათს საღამოს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მას გადასცეს „სამთავრობო მესიჯი“, რომ იმ შემთხვევაში თუ საკუთრებაზე დავაში მყოფ ტელეკომპანიას არ დატოვებს, მის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდება. მან პიროვნება, რომელმაც ეს გზავნილი გადასცა, არ დაასახელა და ასევე განაცხადა, რომ არ გააჩნია ამ საუბრის შინაარსის ამსახველი მტკიცებულებები. გვარამიამ განაცხადა, რომ ის შანტაჟს არ დაემორჩილა და სანაცვლოდ, ამის წინააღმდეგ საჯაროდ საუბრის გზა აირჩია, რადგან არ აპირებს "რუსთავი 2"-დან "გაქცევას" და შესაძლო "უკანონო" სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)