საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ემოციების ქუჩაში გადატანისა და ძალადობის კადრების ტირაჟირების წინააღმდეგ მოუწოდა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარტნიორებს არანაირი კითხვის ნიშნები არ ჰქონდეთ ქვეყანაში მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე იმ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით დადგება.

„მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს. ჩვენი მთავრობა ნამდვილად დგას ამ ფასეულობაზე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არცერთი მედია კომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს და არც ხდება“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 23 ოქტომბერს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე სასამართლოში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, მან განაცხადა: „არ ვიცი ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ თუნდაც რაიმე ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით“.

სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას იმ განცხადების საპასუხოდ, რომ სასამართლოში დავის წაგების შემთხვევაში, ის წინ აღუდგება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ვიცე-პრემიერმა მოუწოდა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას და ყველა მის მხარდამჭერს, რომ „ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მისაღები ყველასათვის, მოგწონს თუ არ მოგწონს ეს“.

„თუმცა სასამართლომაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, იმისათვის რომ ჩვენს პარტნიორებში, მეგობრებში არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ მიმართულებით, თუნდაც ამისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის ელემენტები გახდეს საჭირო“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების ბოლო დროინდელ ქმედებებზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ყოფილი ხელისუფლების დროს დაკავებულთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები.

ამ საკითხზე 22 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, რომელსაც პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს და მის მიმართ გამოვლენილი აგრესია „ბუნებრივია“.  „მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ“, – განაცხადა ხუთშაბათს ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხის გამოყენებით ნაციონალურმა მოძრაობამ „პროვოკაციას“ თავი უნდა დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ ეს ოპოზიციური პარტია  ხალხისგან იმას მიიღებს, რასაც „იმსახურებენ“.

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს განაცხადა, რომ „ემოციების ქუჩაში გადატანა“ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“.

„მინდა ვთქვა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, რადგან ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება მსგავს შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში.

მან ასევე დაგმო და „გაემიჯნა“ წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებებს, რასაც ხელისუფლების მხარდამჭერთა ორგანიზებით თბილისსა და ზუგდიდში ჰქონდა ადგილი.  

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობის კადრების ტირაჟირება. ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„მე არ ვიცი ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ არის მთავრობის ინტერესი“, – განაგრძო მან, „და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის წევრია, ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა, ახალგაზრდების, რომლებსაც შეიძლება ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. კატეგორიულად ვემიჯნები ქალაქების და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი რაღაცეების ჩვენებას“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ გავრცელდა, მოუწოდებდა ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს უპირობოდ ეთქვათ უარი ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებასა თუ გამართლებაზე და ასევე ნებისმიერ დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს თუ პოლიციის გადაწყვეტილებების მიმართ. 

„მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის“,- განაცხადა უსუფაშვილმა 22 ოქტომბერს წერილობით.