პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურს

პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიისა და თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარასკევს საღამოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯომარეს დავით უსუფაშვილს შეხვედრისკენ მოუწოდა „ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“.

22 ოქტომბერს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადების გაკეთების შემდეგ, რომელშიც მან ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იმავე დღეს გაკეთებული იმ განცხადებების გამო, რამაც  „სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში“, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციები დაიწყო.

კონსულტაციებისკენ პრეზიდენტის მოწოდებას ქართული ოცნების მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა უარით უპასუხეს.

„როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 23 ოქტომბერს.

არც პრემიერ-მინისტრს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის მოწოდებისთვის ჯერ პასუხი არ გაუციათ. ორივე მათგანი შაბათს მარტვილს სტუმრობდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რომელიც წინ უძღვის 31 ოქტომბრისთვის დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს.