ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის შესახებ: ‘არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ სახელმწიფოში ნაციონალური მოძრაობის იმ „მოძალადე პოლიტიკოსების“ ადგილი, რომლებიც წამების ვიდეოების „შემოქმედები“ არიან, არ არის და იმედი გამოთქვა, რომ მათთვის ერთხელ უკვე ნათქვამ უარს, საქართველოს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დაადასტურებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც მთავრობის სხდომაზე მის წინა გამოსვლას მოჰყვა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემი ხალხი“.

მან ეს განცხადებები 24 ოქტომბერს მარტვილში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა, რომელიც წინ უძროდა  31 ოქტომბრისთვის დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს. ამ წინასაარჩევნო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თამჯდომარე დავით უსუფაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. 

თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეო კადრებზე, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს დაკავებულთა მიმართ სექსუალური ძალადობაა ასახული და განაცხადა, რომ ყველაფერ ამის „მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი“ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი იყო.

„რამდენიმე დღის წინ, მეგობრებო, გავრცელდა საშინელი კადრები, სასტიკი კადრები, იმის დამადასტურებელი, თუ როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს ეს ავადმყოფი ადამიანები, მე უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით – თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემი ხალხი“, – განაცხადა მან,  "ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, მეგობრებო, თუ არ ვთქვით არა ძალადობაზე და იმ ბნელ წარსულზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო სამი წლის წინ, ჩვენ წინ ვერ წავალთ“.

„ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში.

„ის საშინელი, შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა, რომ კიდევ ერთხელ ვამხილეთ და მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აუპატიურებდნენ, აწამებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში მეგობრებო და არა მხოლოდ აქ სამეგრელოში, ყველა რეგიონში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს საქმეები მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული.

„თქვენ რა გგონიათ, მივმართავ ოპონენტებს, რომ ეს ქვედა დონეზე ხდებოდა? არა, მეგობრებო, ეს თავიდან მოდის ყველაფერი. მთავარი იდეოლოგი, მთავარი არქიტექტორი ამის იყო სააკაშვილი და სწორედ ის იყო და მისი გუნდი მთელი ამ სიბინძურის, ამ სისასტიკის შემოქმედი“, – განაცხადა მან.

„ამიტომ თქვენ, ქართველმა ხალხმა  ბიძინა ივანიშვილთან ერთად მათ საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს, ეს უარი დადასტურდება, ძალიან მჯერა, 2016 წლის ოქტომბერში ასევე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა თავის წინასაარჩევნო გამოსვლაში

„მე ამას წინათ ვთქვი მთავრობის სხდომაზე, რომ ჩემთვის პირადად მთავარი მწამებელი, დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ იმისთვის, რომ ქართველი კაცი გაეუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის და მთელი ნაციონალური მოძრაობის. ეს ადამიანები, მეგობრებო, ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან საქართველოში, ვერასოდეს“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავაზე, რომლითაც ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში, მისი თქმით, „წართმეული ქონების“ დაბრუნებას ცდილობს და რის „პოლიტიზირებასაც“ ნაციონალური მოძრაობა ახდენს.

„სწორედ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ, ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირებას, ისეთის, როგორიც არის მაგალითად ტელევიზია „რუსთავი 2“. ეს ტელევიზია და მისი მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში იყო აბსოლუტურად უცნობი ჩვენთვის. არც გვაინტერესებს არავის ვისი არის ეს ტელევიზია ან ვისი გახდება. ჩემთვის არის მთავარი ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში“, – განაცხადა მან. 

„ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს. მეც და ნებისმიერი მოქალაქეც ასე ვფიქრობთ. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიას, ეს არ ეხება მხოლოდ საწარმოს, სახლს თუ სხვას, რომლებიც ათასობით, ასობით აქვთ წართმეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში.

„ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდანვე“, – განაგრძო მან, „ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილს და ამ ტელევიზიის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს შორის. ეს კაცი [ქიბარ ხალვაში] სამი წელი ცდილობდა ჩვენი დახმარებით, რომ რაიმე გაეკეთებინა, მიმართა მან პროკურატურას ათასჯერ, მთავრობას, ყველას მიმართა, პარლამენტს, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, ეს წართმეული ქონება. მაგრამ მის მსგავსად საქართველოში არიან ათასობით ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლი. ჩვენ შეგნებულად, მეგობრებო,  არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმისთვის, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება“.

„გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას. რატომ არის მხოლოდ „რუსთავი 2“ ოპოზიციური?  ასევე „იმედი“ არის ოპოზიციური, ასევე „მაესტრო, „პირველი არხი“ – ყველანი ოპოზიციურები არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ მედია საშუალებები ძირითადად „ჯალათების და სადისტების დღის წესრიგს“ მიყვებიან.

„მაგრამ, მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი, თვითონ მედია საშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება . ალბათ მათი მუშაობის ხარისხიც დაიხვეწება და მიხვდებიან, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.