გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხეს
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ოქტომბერს საღამოს მოწმის სტატუსით დაკითხა იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების ან ხელში ჩაგდების მუხლით აღიძრა.
"ბოდვაზე და ამ აბსურდზე ახარჯინებენ დროს საქართველოს კონტრდაზვერვას", – განუცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმის აღძვრის შესახებ შაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“ დაიწყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუთითა, თუ მედია საშუალებებით გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ განაპირობა გამოძიების დაწყება. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ტექსტს, რომელიც ჯერ აიტვირთა ვებ-გვერდზე სახელწოდებით „უკრაინული ვიკილიქსი“, ჰოსტინგით და რეგისტრაციით რუსეთში, და შემდეგ გავრცელდა ზოგიერთი ქართული მედია საშუალებით, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ. ტექსტი, რომლის ნამდვილობაც არაფრითაა დადასტურებული, თითქოს წარმოადგენს ოდესის გუბერნატორს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში საუბრის სტენოგრამას. ამ ტექსტის თანახმად, რომელიც იმ ვებ-გვერდზე დაიდო, რომელიც ძირითადად სააკაშვილის საწინააღმდეგო, დაუდასტურებელ მასალებს აქვეყნებს, ორი პირი საუბრობს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმის მოწყობის გეგმებზე, რათა ამან გამოიწვიოს მასობრივი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ.
ბოკერიამ, რომელიც სააკაშვილთან ერთად კვირის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრებოდა მადრიდში, გამოქვეყნებულ ტექსტს „ძალიან სასაცილო ბოდვა“ უწოდა.
"მე არ მეგულება არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ამ საკითხს", – განაცხადა მან დაკითხვის შემდეგ.
"მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა აღვიქვათ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ივანიშვილის რეჟიმის სახით", – დასძინა მან.
გიგა ბოკერიამ, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მანამდე გაკეთებულ ცალკე კომენტარში განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი არ აქვს და არჩევნებამდე „ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)