უსუფაშვილი ‘სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების’ საქმეზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ საქმის საფუძველი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების“ თაობაზე აღძრა, "მალე" გაირკვევა.
24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც საქმეს „აბსურდული“ უწოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუთითა, თუ მედია საშუალებებით გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ განაპირობა გამოძიების დაწყება. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ტექსტს, რომელიც ჯერ აიტვირთა ვებ-გვერდზე სახელწოდებით „უკრაინული ვიკილიქსი“, რომლის ჰოსტინგისა და რეგისტრაციის ადგილად გამოქვეყნების დროს რუსეთი იყო თავდაპირველად მითითებული, ახლა კი ჰოსტინგი საფრანგეთით არის შეცვლილი და შემდეგ გავრცელდა ზოგიერთი ქართული მედია საშუალებით, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ. ტექსტი, რომლის ნამდვილობაც არაფრითაა დადასტურებული, თითქოს წარმოადგენს ოდესის გუბერნატორს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში საუბრის სტენოგრამას. ამ ტექსტის თანახმად, რომელიც იმ ვებ-გვერდზე დაიდო, რომელიც ძირითადად სააკაშვილის საწინააღმდეგო, დაუდასტურებელ მასალებს აქვეყნებს, ორი პირი საუბრობს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმის მოწყობის გეგმებზე, რათა ამან მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გამოიწვიოს.
„სამარცხვინოა, ჩემი აზრით ამაზე საქმის აღძვრა და ოპოზიციისთვის გამოცხადება იმის, რომ თქვენ ამ ეგიდით მოგისმენთ, გითვალთვალებთ უფრო მეტს, არ მოგცემთ უფლებას შეიკრიბოთ იმიტომ, რომ ყველაფრის ამის უკან არის სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა 26 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიგი წერეთელმა.
მან მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომ ჩაერთოს და მოიკითხოს ამ საქმის თაობაზე.
„მე ნამდვილად თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან რას იძიებენ და რატომ იძიებენ. იმიტომ რომ, არა მგონია, ეს ჩემი და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შედიოდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ამის მოკითხვა“, – უპასუხა უსუფაშვილმა.
„ამასობაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს იქნება უკიდურესად დამაზარალებელი, რბილად რომ ვთქვათ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„მთავარია, რომ ასეთი საკითხების გამოძიებაც და მისი სასამართლო წარმართვაც იყოს გამჭირვალედ“, – განაგრძო მან ბიუროს სხდომაზე საუბრისას, „არ დაირღვეს არავის უფლება – სისხლის სამართლის საქმის აღძვრით უფლებები არ ირღვევა, მთავარია ამ პროცესში არ დაირღვეს ეს უფლება“.
„ნებისმიერი კითხვები რატომ აღძარი ეს ასე და მარტო ეს დოკუმენტი გიდევს წინ თუ სხვა რამ, ეს რომ არასწორია, ამაზე ჩვენ ვთანხმდებით“, – დასძინა მან.
უსუფაშვილმა ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მათი პარტიის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების მიმართ გამოთქვეს, რასაც ასევე მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმების სერია.
„არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს წახალისებული და არ არის წახალისებული. თუ სადმე რამე ხდება, ამას სათანადო სამსახურებმა უნდა მიაქციონ ყურადღება“, – უპასუხა უსუფაშვილმა.
„მოდი გავეცნოთ ყველა ჩვენ ჩვენი ლიდერების განცხადებებს, მოწოდებებს, მიდგომებს, პოზიციებს პოლიტიკური წესრიგის, მშვიდობის, საზოგადოებრივი თანხმობის და ა.შ. [საკითხებზე] და შეიძლება უკეთ წავიყვანოთ ჩვენ საქმე იმიტომ, რომ ჩვენი საერთო ინტერესია პროცესები იყოს კონსტიტუციის ფარგლებში, უთანხმოებები მოგვარდეს დებატების და არგუმენტების ჭიდილში და არა რაიმე სხვაში“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ გავრცელდა, მოუწოდებდა ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს უპირობოდ ეთქვათ უარი ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებასა თუ გამართლებაზე და ასევე ნებისმიერ დაუმორჩილებლობაზე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
„მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის“,- განაცხადა უსუფაშვილმა 22 ოქტომბერს წერილობით.